რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქში ნავთობბაზაზე უკრაინული დრონებით შეტევის შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოლქის გუბერნატორის ვლადისლავ შაპშას ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შედეგად, ქალაქ ლიუდვინოვოში სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე აალება მოხდა. ის არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელ საწარმოზეა საუბარი. თუმცა, ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ნავთობსაცავზე ხანძრის შესახებ წერენ.
„ადგილზე ოპერატიული ჯგუფი და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან“, – დაწერა გუბერნატორმა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ძლიერი ხანძრისა და ქალაქში კვამლის ამსახველი კადრები. მომხმარებლები იუწყებიან, რომ საუბარია ლიუდვინოვოში მდებარე ნავთობბაზა „კალუგანეფტოპროდუქტის“ შესახებ.
ამ ობიექტებზე ეს პირველი შეტევა არ არის – ნავთობბაზას 2024 წელს უპილოტო აპარატებით სამჯერ დაარტყეს.