ამერიკაში მყოფი რადიკალები კიდევ ერთხელ დამარცხდნენ ქართველი ხალხის წინაშე. ის ტყუილი რასაც ზურაბიშვილი, ხაზარაძე და სხვა ძმანი მისნი ავრცელებდნენ, ბანქოს სახლივით ჩამოიშალა, რადგან კარგად ჩანს, რომ მათი იქ [ტრამპის ინაუგურაციაში] მონაწილეობა ფორმალობაც კი არ იყო, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„ეს იყო ის მცირე შესაძლებლობა, რომელსაც ზოგადად იქ არსებული წესი იძლევა. კულისებში მჯდომი და მდგომი ხაზარაძე-ზურაბიშვილი და მათი ეს მონაწილეობა ცხადია ვერანაირ ახლო ურთიერთობას დონალდ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ვერ დაამტკიცებს“, – აღნიშნავს მათიკაშვილი.
აშშ-ში საგანგებოდ გამგზავრებული ზურაბიშვილი და ოპოზიციონერები საინაუგურაციო დარბაზს მიღმა აღმოჩნდნენ. შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის პროცესს სალომე ზურაბიშვილი თვალს კაპიტოლიუმის ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნებდა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კი ინაუგურაციის მიმდინარეობისას, ღია ცის ქვეშ იმყოფებოდნენ.