საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2025 მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძემ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები იყვნენ წარდგენილები.
FITUR-2025-ზე საქართველოს სტენდი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა. 5 დღის განმავლობაში, გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო. ქართულმა სამზარეულომ გამოფენის ვიზიტორებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. სტუმრებს მადრიდში მდებარე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი, ქართული რესტორანი ნუნუკა გაუმასპინძლდა. გამოფენას დაესწრო საქართველოს ელჩი ესპანეთში ალექსანდრე ჭკუასელი.
FITUR Madrid 2025-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Tripadvisor-ის ღონისძიებაში მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან, საქართველოში მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით. კომპანიებს შორისაა: British Airways, Expedia, Thinkstrawberies, Epic Road Rides, Paramaunt, Edreams odiego და ესპანეთის მარკეტინგული კომპანია Comunica por Cuatro.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მადრიდში, წარმოდგენილია საკუთარი სტენდით, საკმაოდ მსხვილ საერთაშორისო გამოფენაზე, კერძო კომპანიებთან ერთად. საქართველო, FITUR Madrid-ის გამოფენაში, ყოველწლიურად მონაწილეობს. გამოფენის განმავლობაში, დაგეგმილი გვაქვს მაღალი რანგის შეხვედრები გავლენიან მედიასაშუალებებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან. შეხვედრებს მართავენ კერძო სექტორის წარმომადგენლები ბიზნეს პარტნიორებთან, რომ საქართველოში ევროპიდან ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ“,-აცხადებს მაია ომიაძე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობს FITUR Madrid-ის გამოფენაში, ტურიზმი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და საუკეთესოდ პოზიციონირებს მსოფლიოს მასშტაბით. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს მეტი კონტაქტების დამყარებას და ტურისტების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში“-აცხადებს ალექსანდრე ჭკუასელი.
FITUR-2025-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და კერძო სექტორის ათამდე კომპანიაა წარდგენილი.
„FITUR-ზე ყოველთვის დიდი იყო დაინტერესება აჭარის ტურისტული პოტენციალით, წელსაც შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა, გამოფენის ვიზიტორებს აქტიურად ვაცნობთ როგორც მთის, ასევე ზღვის მიმართულებას. აჭარაში გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა ევროპიდან, მათ შორის ესპანეთიდან, შესაბამისად ამ გამოფენის შემდეგ ველოდებით ტურისტთა მატებას“,-აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ კოპლატაძე.
„იმერეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოფენაში მონაწილეობა, ვინაიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს ორი პირდაპირი ფრენა ესპანეთში, მადრიდსა და ბარსელონაში. სტატისტიკურადაც, მომართვიანობა გაორმაგებულია ესპანელების მხრიდან, შესაბამისად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმერეთის წარდგენა და ამ გამოფენაში მონაწილეობა “,-ამბობს მამუკა ქარქაშაძე იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენელი.
„თითქმის ყოველ წელს ვმონაწილეობთ ამ გამოფენაში. გამოფენის ვიზიტორი, ვინც ჩვენთან მოდის, უკვე ნამყოფია საქართველოში და ხელმეორედ უნდა მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში, რაც ორმაგად სასიხარულოა. იმედი გვაქვს, ბევრი ტურისტი ჩამოვა ესპანეთიდან და არა მარტო ესპანეთიდან. ევროპიდან დაინტერესება ძალიან დიდია“,-განაცხადა ტურისტული კომპანია ომნეს ტურის წარმომადგენელმა სოფო ზურიაშვილმა.
„ეს გამოფენა უმნიშვნელოვანესია ტურიზმის სფეროში, ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. გვაქვს ბევრი შეხვედრა პარტნიორებთან და წელსაც ბევრ ვიზიტორს ველოდებით საქართველოში“,-ამბობს ჯორჯიან დისქავერი ტურსის წარმომადგენელი თინათინ სეთურიძე.
„როგორც ეს, ასევე სხვა საერთაშორისო გამოფენები მნიშვნელოვანია, რომ უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, მოლოდინები დიდია, ესპანურ ენოვანი ტურისტული ბაზრიდან დიდი ინტერესია საქართველოსადმი. იმედია, 2025 წელი ისეთივე პროდუქტიული იქნება, როგორც წინა წლები“,-აცხადებს კავკაზუს თრეველის წარმომადგენელი ეკა ბერძენიშვილი.
FITUR-2025-ზე 152 ქვეყანა, 10 ათასამდე კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. მადრიდის ტურისტულ გამოფენას 153 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.