22 იანვარს, ჰარიუმაას (ესტონეთი) რაიონულმა სასამართლომ სამი ახალგაზრდა დამნაშავედ ცნო ულტრამემარჯვენე ნეონაცისტურ-ტერორისტულ ორგანიზაციაში ყოფნასა და ამ ორგანიზაციის წევრების რეკრუტირებაში. საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, სასამართლომ ახალგაზრდებს დააკისრა ვალდებულებები, რომლის მიზანია მომავალში მათი კანონმორჩილ მოქალაქეებად ჩამოყალიბება.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებული ახალგაზრდები იყვნენ ორგანიზაცია „ფოიერკრიგის დივიზიის“ (FKD – Feuerkrieg Divisio) წევრები, რომლის იდეოლოგია ნაციონალ-სოციალიზმზეა დაფუძნებული.
„ფოიერკრიგის დივიზია“ ქადაგებს თეთრკანიანთა უპირატესობას, გამოდის სახელმწიფო მმართველობის წინააღმდეგ და მოუწოდებს ხალხს, აიღონ იარაღი და ტერორისტული თავდასხმები დაგეგმონ. მისი მიმდევრები ხელს უწყობენ და ამართლებენ უცხოელების, ებრაელების, შავკანიანების, სექსუალური უმცირესობების, ჟურნალისტებისა და პოლიციელების მიმართ სიძულვილს.
დანაშაულის ჩადენის დროს, სამივე მსჯავრდებული არასრულწლოვანი იყო. ამიტომ, სასამართლომ გადაწყვიტა, მათთვის საპროცესო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები დაეკისრებინა, რომელთა შესრულებაც მოზარდებს კანონმორჩილ მოქალაქეებად აქცევს. ამ ვალდებულებებში შედის ისეთ სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულობა, რომლებიც მათ დერადიკალიზაციას და სარისკო ქცევის შემცირებას შეუწყობენ ხელს. პროკურატურის განმარტებით, ამ ღონისძიებების მიზანია ჯანსაღი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, პოზიტიური შეხედულებებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია, ასევე მათი პირადი და სოციალური რეაბილიტაციის მხარდაჭერა.
სახელმწიფო პროკურორმა, ვაჰურ ვერტემ, განაჩენის კომენტირებისას, ხაზი გაუსვა ექსტრემიზმის საგანგაშო ნიშნების ამოცნობისა და ამის თაობაზე შიდა უსაფრთხოების სამსახურის (ISS) ინფორმირების მნიშვნელობას.
„დროულმა ჩარევამ, იმედი მაქვს, თავიდან აგვაცილა პოტენციურად ძალიან საშიში შედეგები ამ საქმეში. ამ ახალგაზრდების ქმედებების სერიოზული ხასიათის მიუხედავად, სასამართლომ სამართლიანად დაასკვნა, რომ მათი მხარდაჭერა და დახმარება (და არა დასჯა) უფრო მიზანშეწონილია, რადგან, ისინი, შესაძლოა, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ თავისი ქმედებების შედეგებს“, – ნათქვამია ვერტეს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
წინასწარი გამოძიება შიდა უსაფრთხოების სამსახურმა და პროკურატურამ ერთობლივად ჩაატარეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ საბოლოო არ არის.
ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა, თავის წლიურ ანგარიშებში, არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ქვეყანაში ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის გავრცელების საფრთხესა და მისი ესკალაციის შესაძლებლობაზე.
2021 წლის ანგარიშში ISS-მა აღნიშნა, რომ 2020 წლის ივლისში გაერთიანებულმა სამეფომ „ფოიერკრიგი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა და მიუთითა, რომ ამ ჯგუფს წევრები და მხარდამჭერები ესტონეთშიც ჰყავს.
ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმთან დაკავშირებულ რისკებზე 2022 წლის ანგარიშშიც არის გამახვილებული ყურადღება და ხაზგასმულია, რომ ულტრამემარჯვენე ტერორიზმი ხდება ახალი ფაქტორი, რომელიც საფრთხეს უქმნის ესტონეთის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. „სამწუხაროდ, ჩვენ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებს, რომელთა საქმიანობა, ძირითადად, სიმბოლურია და სოციალურ მედიაში აქტიურობაში გამოიხატება, მაგრამ, გარკვეულ პირობებში, შეიძლება გამოიწვიოს თავდასხმები ადამიანების სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და საკუთრებაზე“,- წერს ISS-ის აღმასრულებელი დირექტორი, არნოლდ სინისალუ 2022 წლის ანგარიშის შესავალში.
თავის ბოლო წლიურ ანგარიშში ISS-მა აღნიშნა, რომ თუ ადრე ესტონეთში ულტრამემარჯვენეების საქმიანობა, ძირითადად, ვირტუალური სივრცით შემოიფარგლებოდა, ბოლო ტენდენციები ასეთი ჯგუფების წევრების უშუალო კონტაქტების მზარდ სურვილზე მიუთითებს.