ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რელევანტურია ის დათქმები, რომლებიც გამოვიდა საჯაროდ და ჩვენი დელეგაცია აქტიურ რეჟიმში შუქდება და აქტიურ რეჟიმში გვაყენებენ საქმის კურსში, თუ როგორ მიმდინარეობს სტრასბურგში პროცესები, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„მინდა ჩვენს ყველა მეგობარს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ შევახსენო და ვუთხრა კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ, ძალიან ხაზგასმით, რომ ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი და მთავარი ამოცანა 2012 წლიდან იყო, არის და იქნება პირველ რიგში თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა ყველგან, ნებისმიერ პლატფორმაზე, ნებისმიერ კუთხით და ნებისმიერ საკითხში. ყოველთვის გამოვალთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან და სწორედ ამას მეტყველებს ჩვენი დელეგაციის ის თითოეული ფაქტი და არგუმენტი, რომელიც საპასუხოდ მომზადდა და ჩვენ სანამ ახლა პირდაპირ ეთერში ვარ იქაც მიმდინარეობს საკომიტეტო სხდომაზე დახურული მოსმენა, საღამოს უნდა იყოს კენჭისყრა და ყველა ვნახავთ ამ შედეგს.
მე არ მინდა შევიდე დეტალებში და ვრცლად ვისაუბრო ყველა იმ დათქმაზე, რომელიც ვნახეთ, უბრალოდ ამ დათქმების არარელევანტურობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პასაჟი რაც მოვისმინეთ, ეს იყო ახალი არჩევნების ჩანიშვნა, ღიმილის მომგვრელია. პირველი ნაწილი ყველას კარგად გვახსოვს საუბარი 300 000 ხმის მოპარვაზე, როდესაც ეს დანაყოფები რაღაც ერთ კოალიციად განიხილავდნენ საკუთარ თავს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეალურად ცალ-ცალკე გავიდნენ ეს პარტიები და პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის 800 000 ხმაზეა საუბარი და როგორ შეიძლება რელევანტური, ობიექტური და საღ აზრთან ახლოს იყოს ის ჩანაწერი, რომ აქ 800 000 ხმა გაყალბდა ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ამ საღ აზრს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ყველაზე რბილად და დიპლომატიურად რომ ვთქვა უპატივცემულობა არის ქართული საზოგადოების, სუვერენული ქვეყნის, დემოკრატიული საფუძვლების, როდესაც უმრავლესობის ნების წინააღმდეგ რაღაც გარკვეულ ჯგუფს, ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით არ მოსწონს შედეგები. ეს რა თქმა უნდა წითელი ხაზია. ასეთი უტიფარი დამოკიდებულება ვნახეთ წინასაარჩევნოდაც, როგორ პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ ქვეყნის შიდა საქმეებში, საარჩევნო აგიტაციას ეწეოდნენ ჩვენი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მაგივრად“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.