ზელენსკიმ უკვე დაამარცხა პუტინი, გააძლიერა საერთაშორისო კოალიცია, უზრუნველყო ჯარი ყველაფრით, დაამარცხა კორუფცია და ახლა ეძებს სად გამოიყენოს თავისი სამხედრო ნიჭი – მან გახსნა მეორე ფრონტი სახელმწიფოს წინააღმდეგ და დაიწყო შიდა პოლიტიკური წმენდები, – განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ პოროშენკოს სანქციები დაუწესა. როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, სანქციები შესაძლოა სახელმწიფო ღალატის მუხლით დაწესდა.
„დღეს ზელენსკიმ კოლოსალური დარტყმა მიაყენა შიდა ერთობას, რომლის შესანარჩუნებლადაც ჩვენი გუნდი იბრძოდა 2022 წლიდან და რომელიც ჩვენი მთავარი იარაღია აგრესორთან ბრძოლაში. უარყოფით შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა პირდაპირ მას [ზელენსკის] ეკისრება. პასუხისმგებლობა იმ ფაქტზე, რომ პრეზიდენტობის პირველი სამი წლის განმავლობაში მან სრულად უგულებელყო ჯარის პრობლემები. პასუხისმგებლობა იმ ფაქტზე, რომ [რუსეთის] შემოჭრამდე ხუთი თვით ადრე მან უგულებელყო მოკავშირეების სადაზვერვო მონაცემი გარდაუვალი შემოჭრის შესახებ, არ მოემზადა ომისთვის, არ მოამზადა ჯარი და ქვეყანა, მალავდა ხალხისგან ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა ყველას უსაფრთხოებას. პასუხისმგებლობა ომის დროს კორუფციაზე“, – აღნიშნა პოროშენკომ.
„მაშინ, როდესაც მილიონობით უკრაინელი იგერიებს რუსულ აგრესიას, ზურგში იქმნება ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი, როგორიც პუტინმა შექმნა რუსეთში. ამიტომ, ჩემი მეორე იმედგაცრუება და შეშფოთებაა – რა გავლენას მოახდენს ევროინტეგრაციაზე პოლიტიკური ველის დემონსტრაციული გაწმენდა. ჩვენ კვლავ მოგვიწევს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის სტანდარტების შესაბამისობის დაცვა. ვლადიმირ პუტინის სასამართლომ პოროშენკო ტერორისტად და ექსტრემისტად აღიარა. ახლა მისი ფორმულირება თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა ზელენსკის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ“, – დასძინა მან.