ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ევროპის ზურგს უკან წარმართვა დაუშვებელია და რომ პროცესში ევროკავშირი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მანვე ისაუბრა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზეც და აღნიშნა რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე არაფერი უნდა გამოირიცხოს.
„კიდევ ერთხელ, მინდა ვთქვა, რომ თუ იქნება ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება, ის უბრალოდ არ იმუშავებს, ვინაიდან, ნებისმიერი სახის გარიგებისთვის, ნებისმიერი სახის შეთანხმებისთვის, გვჭირდება ევროპელები, რომლებიც გაატარებენ ამ შეთანხმებას, გვჭირდება უკრაინელები, რომლებიც გაატარებენ ამ შეთანხმებას.
რაც შეეხება, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას – კიდევ ერთხელ, ვიტყვი, რომ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, სანამ მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა, ვინაიდან, ეს რუსეთს არგებს და მათ ეს სურთ. რატომ ვაძლევთ მათ ყველაფერს რაც სურთ, სანამ მოლაპარაკებები არც დაწყებულა? – ეს დაშოშმინებაა, ამას არასდროს გაუმართლებია!“, – განაცხადა კალასმა.