კოლუმბიის ეროვნული პოლიციის განცხადებით, ორშაბათს, 24 თებერვალს, კარტახენას აეროპორტში, ამსტერდამის მიმართულებით გამგზავრების მცდელობისას, დააკავეს მამაკაცი, რომელიც პარიკის ქვეშ ნარკოტიკებს მალავდა.
40 წლის კოლუმბიელ მამაკაცს სამართალდამცავებმა „ნარკოპარიკის“ ქვეშ უპოვეს 19 კაფსულა, რომელშიც კოკაინი აღმოჩნდა.
პოლიციის ცნობით, 220 გრამზე მეტი კოკაინის შემცველი კაფსულების საბაზრო ღირებულება 10 000 ევროა.
„ეროვნული პოლიციის თანამშრომლების გამოცდილების წყალობით, ასევე მგზავრების მეთვალყურეობისა და პროფილირების გზით, დააკავეს ქალაქ პერეირაში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ორჯერ იყო გასამართლებული“, – ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეჭვმიტანილი გენერალურ პროკურატურას ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობის, წარმოებისა და გადაზიდვისთვის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით გადაეცა.