სანქციები, რომლებსაც ბალტიის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები აწესებენ ძალიან უხერხულია და ისტორიაში პოლიტიკური კურიოზების სახით შევა, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
„სინამდვილეში ამ ქვეყნებს არც საქართველოს ბედი აინტერესებთ და არც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის. ხვალ რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, მაშინ დაგვიკრავენ ტაშს, ხოლო მშვიდობისათვის აწესებენ იმ სანქციებს, რომლებიც სინამდვილეში ძალიან უხერხულია და ისტორიაში ისე შევა, როგორც პოლიტიკური კურიოზები, ვინაიდან უსაფუძვლო და კონტექსტიდან ამოგლეჯილი არის, რასაკვირველია, ეს ყველაფერი. მეორეს მხრივ, ეს არის ზუსტად იმით განპირობებული, რომ მათი სურვილი იყო, რომ საქართველოში ყოფილიყო ქაოსი. მათ მიაჩნიათ, რომ თუ აქ იქნება არეულობა, ეს მათი ქვეყნების უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებების მიერ საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გადანახული მათთვის, ვინც მეგობარს საკუთარი ტყავის გადასარჩენად გაწირავს.