თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინფორმაციას სააგენტო ipn გარდაცვლილის მეგობარზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილი 26 წლის გიორგი შარაშენიძის მეგობარმა განაცხადა, რომ თავდასხმაში სავარაუდოდ, რამდენიმე პირი მონაწილეობდა. მეგობრის თქმით, გარდაცვლილს 13 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
“ძველი დაპირისპირება რაც ჰქონია, დასრულდა შერიგებით. ეს ამბავი ჩვენთვის წარმოუდგენელია. გიო სახლში ბრუნდებოდა, თავდამსხმელი წინ გადაუდგა. როცა ცეცხლი გაუხსნა, გიომ ეტყობა იფიქრა უკან დავიხევ და გავიქცევიო, მაგრამ მანქანის უკან “მარშუტკა” ჩაუყენეს, იმას დაეჯახა და ვეღარ გაიქცა. თავდამსხმელმა ავტომატიდან 17 ტყვია ესროლა და 13 ჰქონდა მოხვედრილი”, – განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა.
მისი თქმით, გიორგი შარაშენიძემ ორი კვირის წინ ცოლი მოიყვანა და საცხოვრებლად ტურგენევის ქუჩაზე, ნაქირავებში გადავიდა.
ჯავახიშვილის 46 ნომერში გუშინ საღამოს ახალგაზრდა კაცს ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს: საქმე სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით.
წყარო: ipn.ge