მეუფე პეტრეს ადამიანური დაპირისპირება თუ შური ამოძრავებს და ათქმევინებს რეალობასთან შეუსაბამო აზრებს, რომელსაც ის, უმეტეს შემთხვევაში „რუსთავი 2″-ის ეთერით აჟღერებს, – ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მეუფე პეტრე იმდენად გასცდა ყველანაირ ზღვარს და ჩარჩოებს, მისი ქმედება იმდენად ამოვარდნილია იმ სფეროდან, რომლის წარმომადგენელიც ის თითქოსდა არის, ძალიან ძნელია მისი შეფასება და საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ მას აეკრძალა საჯარო გამოსვლები და მით უმეტეს, არასწორი ინფორმაციების მიწოდება, „რუსთავი 2″-ზე ბოლო გამოსვლით მან აჩვენა, რომ ის მარტო პატრიარქის წინააღმდეგ კი არა, მთლიანად სინოდის გადაწყვეტილებების წინააღმდეგაც მიდის. ეს ადამიანი დარჩა მარტო.
ერთ მხარეს არიან უწმინდესი, სინოდი და მთელი სამღვდელოება. მეუფე პეტრემ თავად ჩაიყენა თავი განკვეთილის მდგომარეობაში. მე არ ვიცი დღეს სასულიერო პირი, რომელიც მის პოზიციებს იზიარებს ან მის გვერდით დგას.
სამწუხაროდ, მეუფე პეტრეს ადამიანური დაპირისპირება თუ შური ამოძრავებს და ათქმევინებს რეალობასთან შეუსაბამო აზრებს, რომელსაც ის, უმეტეს შემთხვევაში „რუსთავი 2″-ის ეთერით აჟღერებს. თუმცა ამისი აკრძალვა ძალიან ძნელია, რადგან თუ ის აღარ მოიაზრებს თავს საპატრიარქოს ნაწილად და არ ასრულებს მის განკარგულებებს, ამ შემთხვევაში ადამიანი თავისუფალია და რაც უნდა, იმას გააკეთებს.
მეუფე პეტრე დაინტერესებულ მხარედ უფრო ჩანს, ვიდრე ვიღაცის დამცველად და შეიძლება ყველაფერი უფრო მის ირგვლივ ტრიალებდეს, ვიდრე მამა გიორგის. ის ამ საქმეში არ არის ნეიტრალური პირი და ნეიტრალური პოზიციებიდან არ საუბრობს.
ის ცილისწამებები, რომელსაც სხვა ადამიანების მიმართ ახორციელებს, რჯულის კანონითაც კი დასჯადია, ანუ მეუფე პეტრე არ ცნობს არანაირ სამართალს. როდესაც თავის თავს ასეთ მდგომარეობაში იყენებს, მისი ინტერესი ცალსახაა. რა ალაპარაკებს, თუ არა ინტერესი? რა ინტერესი აქვს? რა ფორმით არის ის ამ საქმეში მონაწილე? ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების პრეროგატივაა”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.