რიგის საქალაქო სასამართლომ ჩეჩნეთიდან პოლიტიკურად დევნილს, შვილისადმი სასტიკი და შეურაცხმყოფელი მოპყრობისთვის, 4 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა და სამწლიანი საპრობაციო ზედამხედველობა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას ლატვიის პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლომ ბრალდებული სულ რვა დანაშაულში ცნო დამნაშავედ.
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული მამაკაცი, რომელზეც დაზარალებული ფინანსურად და კიდევ სხვა გარემოებებით იყო დამოკიდებული, გოგონაზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა.
გაბრაზების დროს, ის თავის ქალიშვილს თმებით იატაკზე ათრევდა, თავსა და სხეულზე მუშტებით და ფეხებით, ასევე ქამრის ლითონის ნაწილით სცემდა.
გარდა ამისა, უყვიროდა და აგინებდა მას, პერიოდულად ართმევდა მობილურ ტელეფონს და ამოწმებდა მის შიგთავსს, ნებართვის გარეშე შედიოდა მის ოთახში, ზღუდავდა მის პირად თავისუფლებას. ბრალდებული შვილს ასევე ემუქრებოდა მოკვლით, თუ გოგონა ისე არ მოიქცეოდა, როგორც მამამისი ითხოვდა.
ბრალდებული, თავის ქალიშვილთან ერთად, ჩეჩნეთიდან ლატვიაში, პოლიტიკური დევნილის სტატუსით, 2019 წელს ჩავიდა. რუსეთის მოქალაქემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ თავისი ქალიშვილის მაკონტროლებელი ქცევა მისი უსაფრთხოების შიშით იყო გამოწვეული, მან კულტურულ განსხვავებებზეც გაამახვილა ყურადღება.
დაკავებამდე არავის აუხსნა მისთვის, რომ საგანმანათლებლო მიზნებით ბავშვის ცემა ლატვიაში კრიმინალიზებულია, მაშინ როდესაც მის კულტურაში ეს სრულიად ნორმალურად მიიჩნევა.
ძალადობამ მსხვერპლს ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა, ჩაუნერგა მას მუდმივი დაუცველობისა და მამისადმი შიშის განცდა. ჩადენილი დანაშაულების შედეგად, არსებობს რისკი, რომ გოგონას მომავალში ქრონიკული ფსიქიკური აშლილობები განუვითარდეს.
მას შემდეგ, რაც მამას მშობლის უფლებები შეუჩერდა, 2024 წლის გაზაფხულზე გოგონამ საზღვარი გადაკვეთა და ამჟამად რუსეთში იმყოფება დედასთან, რომელსაც მანამდეც არაერთხელ ჰქონდა მცდელობა, მეურვეობა მიეღო და ბავშვთან კონტაქტი აღედგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ მამამ შვილი ქვეყნიდან დედის თანხმობის გარეშე გაიყვანა.