„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსება ცხრა კომპანიამ მიიღო, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.
პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის ახორციელებს, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ისა და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, თანადაფინანსების სახით, ჯამურად, 692.969 ლარი მიიღო ქართული ღვინის მწარმოებელმა ცხრა კომპანიამ: „ჯიველი“, „ვილა მოსავალი“, „თელიანი ველი“, „ვაზისუბნის მამული“, „მეღვინეობა ჩელთი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თიკო ისთეით“ და „მეღვინეობა შუმი““, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პროგრამის პირობების თანახმად, აღნიშნულმა კომპანიებმა, მიზანმიმართული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაზარდეს ამერიკის, ევროპისა და აზიის ბაზრების მიმართულებით.
გასულ წელს პროგრამით თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო, ჯამური თანხით 243,281.28 ლარი.