ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის პრესტიჟულ ფესტივალზე, Les Festives Gourmandes-ზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Le Pont Caucasien-ის ორგანიზებით წარდგა.
ფესტივალს, რომელიც ქალაქ შალონ-სიურ-სონში (Chalon-sur-Saône) გაიმართა, ყოველწლიურად 10 000-მდე სტუმარი, სომელიეები, ღვინის კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. ფესტივალმა წელს საიუბილეო, მე-20 წლისთავი აღნიშნა.
საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანია Le Pont Caucasien-ის ხელმძღვანელმა, ილია კახოიძემ ფესტივალის სტუმრებს ხუთი ქართველი მწარმოებლის ღვინოები გააცნო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში 2013 წლიდან ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია.