ამერიკელმა დიპლომატმა ბრიჯიტ ბრინკმა, რომელიც 2022 წლის მაისიდან 2025 წლის აპრილამდე უკრაინაში აშშ-ის ელჩი იყო, თავისი მოულოდნელი გადადგომა უკრაინისა და რუსეთის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობით ახსნა.
„სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობის დასაწყისიდან პოლიტიკა მსხვერპლზე, უკრაინაზე ზეწოლას, და არა აგრესორ რუსეთზე, გულისხმობდა. ამგვარად, მე კეთილსინდისიერად ვეღარ ვახორციელებდი ადმინისტრაციის პოლიტიკას და ჩემს მოვალეობად მივიჩნიე გადადგომა“, – განაცხადა ყოფილმა ელჩმა.
მისი განმარტებით, არ შეეძლო გვერდზე დგომა, როდესაც დემოკრატიული ქვეყნის განადგურებას ცდილობენ, ხოლო ბავშვებს დაუსჯელად კლავენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ინტერესების დაცვის ერთადერთი გზა დემოკრატიული ქვეყნების დაცვა და ავტოკრატიებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.
„მშვიდობა ნებისმიერ ფასად სულაც არ არის მშვიდობა, ეს დამშვიდებაა. და ისტორია არაერთხელ გვასწავლის, რომ დამშვიდება არ იწვევს უსაფრთხოებას, სტაბილურობას ან კეთილდღეობას. ის უფრო დიდ ომსა და ტანჯვას იწვევს“, – განაცხადა მან.