ბადრი [პატარკაციშვილი] სულ „იმედთან“ იჯდა. რომ ველაპარაკებოდი „ბორჯომზე“, რაღაც სხვა საქმეებზე, ორი ტელევიზორი ჰქონდა – ერთში „რუსთავი 2“ იყო ჩართული, მეორეში „იმედი“. უცებ გაგაჩერებდა, წავიდოდა, ახლოს მივიდოდა, აიღებდა ტელეფონს გიორგის [თარგამაძეს] დაურეკავდა, რაღაცას ელაპარაკებოდა. ასე იყო ჩართული ყოველდღიურად „იმედის“ ცხოვრებაში. ამიტომ გიორგის და ბადრის ჰქონდათ აბსოლუტურად პირდაპირი კონტაქტი და გიორგი იყო რთულად სამართავი, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
„რა თქმა უნდა, ვცდილობდი, რომ გიორგი მემართა, იმიტომ, რომ ფული მე უნდა მიმეცა ბოლო-ბოლო. მერე გარბოდა ბადრისთან. იყო კომიკური სიტუაციები – ბადრი ჩემგან ჩუმად აძლევდა თავის ფულს, ცალკე ფულს, მე რომ არ გამეგო. გიორგი იყო საკმაოდ ძლევამოსილი ადამიანი. არ იყო გენერალური დირექტორი, მაგრამ იყო გენერალურ დირექტორზე ბევრად უფრო ძლიერი. ეს თავისთავად არასწორია, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე იმართებოდა „იმედი“. მეც მქონდა ძალა და ამიტომ ჩემი და გიორგის ჭიდილი იყო სულ. ეს ჭიდილი ხდებოდა ბადრის დონეზე. მერე მე ბადრის ვუმტკიცებდი რაღაცას, რომ ეს არის არასწორი, არ შეიძლება ამის კეთება და ნელ-ნელა გადმომყავდა „ნიუს კორპი“ ჩემს მხარეს. ამიტომ რაღაც ამბავში ბედნიერი ვიყავი, თითქოს მოვილაპარაკეთ მე, ბადრიმ და „ნიუს კორპმა“, რომ გიორგის სადღაც ვუშვებდით სტაჟირებაზე რაღაც ქვეყანაში, „ნიუს კორპის“ რომელიღაც ოფისში. მაგრამ ფუნდამენტურად უძლიერესი ადამიანი იყო იმ ამბავში, რომ ბადრიზე ჰქონდა პირდაპირ წვდომა და ბადრი იყო მისი უშუალო უფროსი, ამიტომ რთულად სამართავი იყო ჩემთვის, საერთოდ თუ იყო რამენაირად მართული“, – განაცხადა რუხაძემ.