საქართველო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.
ეროვნული დღესასწაული დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელს საქართველოს 21 ქალაქში იმართება.
ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცი 700-მდე წვევამდელმა დადო. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართა.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 1918 წლის 26 მაისს მიიღო. 26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა.