ათონის მთის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც საბერძნეთის მაკედონიის რეგიონში მდებარეობს, 20 მრავალსაუკუნოვან მონასტერს აერთიანებს. ბიზანტიური ეპოქიდან მოყოლებული, ის გარკვეული ხარისხის ავტონომიით სარგებლობს.
საბერძნეთის კულტურის სამინისტროს მიერ 11 ივნისს გავრცელებული ინფორამციით, შაბათ-კვირას მომხდარი მიწისძვრების შედეგად, ჩრდილოეთ საბერძნეთში, ათონის მთის რელიგიურ ანკლავში მდებარე მინიმუმ სამი მრავალსაუკუნოვანი მონასტერი დაზიანდა.
5,3 მაგნიტუდის წყალქვეშა მიწისძვრამ, რომელიც შაბათს ქალკედონის ნახევარკუნძულზე მოხდა, ზიანი მიაყენა მე-10 საუკუნით დათარიღებულ ქსენოფონტესა და დოქიარის მონასტრებს, ასევე სიმონოს პეტრას მონასტერს, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება.
ფრესკები მიწისძვრამდეც დაზიანებული იყო
კულტურის სამინისტროს ცნობით, ქსენოფონტეს მონასტრის გუმბათებში დიდი ბზარები შეინიშნება, დაზიანებები ფიქსირდება ფრესკებზეც, რომლებიც თებერვალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად უკვე დაზიანებული იყო. მსგავსი დაზიანებები დაფიქსირდა დოქიარის მონასტერშიც, ხოლო უფრო მცირე მასშტაბის დაზიანებები – სიმონოს პეტრას მონასტერში.
ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვის სანაპიროდან 12,5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა და ბიძგებმა ათონის მთის სამონასტრო კომპლექსიც დააზიანა.
საბერძნეთის კულტურის მინისტრის, ლინა მენდონის განცხადებით, ბერძენი არქეოლოგებისა და რესტავრატორების ჯგუფი, ზარალის შესაფასებლად, ადგილზე იმყოფება.