პოლონეთის სასამართლოები ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო თაღლითობების 5 ათასზე მეტ ბრალდებას განიხილავენ. ისინი, ძირითადად, უმნიშვნელო საკითხებს შეეხება და ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავლენა მოახდინოს ამ თვის დასაწყისში გამართული არჩევნების საბოლოო შედეგზე, რომლის მიხედვითაც, წარმატებას კონსერვატორების კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ მიაღწია. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ის თანამდებობას დაიკავებდა, მმართველ ცენტრისტულ კოალიციას პოპულარობის პიკი უკვე გავლილი ჰქონდა.
სამი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც პოლონელებმა საპრეზიდენტო არჩევნებში უპირატესობა ოპოზიციის კანდიდატს, კონსერვატორ ნავროცკის მიანიჭეს, რამაც პოლიტიკური ვითარება 27-მილიონიან ქვეყანაში მკვეთრად შეცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ სეიმში ნდობის ვოტუმი მოიპოვა, გავლენით მეორე კოალიციური სუბიექტი – „მესამე გზა“ – არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაიშალა. გამოკითხვების თანახმად, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უმრავლესობაში ვეღარ იქნება. ამიტომ, ის თავისი კაბინეტის გადაწყობას გეგმავს.
„მნიშვნელოვანი იქნება არა საკადრო პერსონალი, არამედ ის, რომ მთავრობა უფრო მცირერიცხოვანი იყოს და ორიენტირება საკვანძო ამოცანებზე მოახდინოს“, – აღნიშნა ტუსკმა.
მაგრამ მისი მთავრობის გართულებები ამით არ მთავრდება. არჩეული პრეზიდენტის პირველი ნაბიჯები ევროკავშირთან დამოკიდებულების საკითხში მოსალოდნელ დაპირისპირებაზე მიანიშნებს, რადგან საპრეზიდენტო სასახლეში თანამდებობი ხისტმა ევროსკეპტიკოსებმა მიიღეს.
არჩევნების ლეგიტიმურობა ივლისის დასაწყისში უნდა დადასტურდეს
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა, ანჯეი დუდამ მოიწვია, ნავროცკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა აშშ-უკრაინის ალიანსისა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მიმართ. ქვეყნის პოლიტიკური კურსის მიმართ ერთგულება დუდამაც დაადასტურა: „ჩვენი პოზიცია უცვლელია: მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ამ კურსიდან არ გადავუხვევთ“.
ამის პარალელურად, სასამართლო დავები გრძელდება. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, 5 ათასი სარჩელი წარადგინეს. მაგალითად, პროკურატურა იძიებს საქმეს ბიალსკა-ბიალაში, სადაც საარჩევნო კომისიის წევრებს ბრალად ედებათ ნავროცკისთვის მისი მოწინააღმდეგის ხმების მიკუთვნება. ასევე მიმდინარეობს გამოძიება ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის“ დეპუტატის მხრიდან შესაძლო თაღლითობის ფაქტზე, რომელმაც არჩევნების დღეს, ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების გადასამოწმებლად, მობილური აპლიკაცია გამოიყენა. საჩივრის თანახმად, ეს მიზნად ისახავდა პროსამთავრობო ამომრჩევლების დისკვალიფიკაციას.
ვარშავის უნივერსიტეტის იურისტისა და პოლიტოლოგის, იოვანკა იაკუბეკ-ლალიკის თქმით, სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთი საარჩევნო უბნის ხმების ხელახლა დათვლის შესახებ. თუმცა, მისივე განცხადებით, ასეთი ფაქტები ბევრი არ არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან არჩევნების შედეგზე გავლენა მოახდინოს.
ყველა საჩივარს უზენაესი სასამართლო განიხილავს. მოსალოდნელია, რომ ის 2 ივლისის არჩევნების შედეგებს ძალაში დატოვებს.