ისეთი იაფი სინთეზური ნარკოტიკების წარმოება, როგორიცაა, მაგალითად, მეფედრონი და კლეფედრონი, თანდათან ჩეხეთის რესპუბლიკაში ინაცვლებს. ამის შესახებ ნათქვამია ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული ცენტრის (NDC) გასული წლის ანგარიშში. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ წარმოების ერთი ციკლის ფარგლებში მზადდება ასობით კილოგრამი ნარკოტიკი, რომლებიც მეტამფეტამინის ან კოკაინის იაფ ალტერნატივას წარმოადგენენ. ორგანიზებული ჯგუფები დაინტერესებულნი არიან, რომ ექსპორტზე გასატანად რაც შეიძლება დიდი რაოდენობის იაფი სინთეზური ნარკოტიკი დამზადდეს. ეს ჯგუფები ნარკოტიკების წარმოების ადგილს რამდენიმე კვირაში ან თვეში ერთხელ მაინც ცვლიან.
„ჩეხეთის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს ისეთი სინთეზური კათინონების არალეგალური საწარმოები, როგორიცაა კლეფედრონი ან მეფედრონი. სიიაფის გამო, ისინი შეიძლება მეტამფეტამინის, კოკაინის ან ექსტაზის კონკურენტებად იქცნენ. ეს სინთეზური ნარკოტიკები პოპულარულია პოლონელ მომხმარებლებში, სადაც ჩეხეთის ტერიტორიაზე წარმოებული ასობით კილოგრამი ნარკოტიკი შედის“, – ამბობს NPC-ის სპიკერი, ლუსი შმოლდასოვა.
კიდევ ერთი სინთეზური ნარკოტიკი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში გამოჩნდა, არის ფენტანილი. მისგან გამოწვეული პრობლემა, ძირითადად, ჩრდილოეთ ამერიკაში აწუხებთ, სადაც, ცენტრის მონაცემებით, სინთეზური ოპიოიდების ჭარბი დოზის გამო, ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი იღუპება. ჩეხეთის რესპუბლიკაში დაფიქსირებულია ფენტანილის ზედოზირებით განპირობებული თხუთმეტი ფატალური შემთხვევა, საიდანაც რამდენიმე შემთხვევა ფენტანილისა და სხვა ნივთიერების კომბინაციით არის გამოწვეული.
ამ საშიში ნივთიერებების გამოჩენასთან ერთად, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ ფატალური და არაფატალური ინტოქსიკაციების შემთხვევების გარემოებების მონიტორინგი დაიწყო. „ამ მონაცემების თვალყურის დევნება პოლიციას საშუალებას აძლევს, დროულად მოახდინოს რეაგირება და შეეცადოს თავიდან აიცილოს ზედოზირებით გარდაცვალების ერთგვარი ჯაჭვის შექმნა, რასაც წარსულში პრაღაში ჰქონდა ადგილი და რომელიც ჰეროინით იყო გამოწვეული“, – აღნიშნა შმოლდასოვამ.
ფენტანილის, ნიტაზოლის და სხვა მსგავსი საშიში ნივთიერებების წარმოებისთვის საჭირო არალეგალური ლაბორატორიები ჩეხეთის რესპუბლიკაში ჯერ არ გამოვლენილა. ევროპაში მხოლოდ რამდენიმე ასეთი ლაბორატორიაა დაფიქსირებული.
NPC-ის ცნობით, სინთეტიკების გარდა, ჩეხეთის რესპუბლიკაში იზრდება მოთხოვნა მცენარეული წარმოშობის ისეთ ნივთიერებებზე, როგორიცაა კრატომი ან წითელი სოკოს ექსტრაქტი. ბავშვებსა და მოზარდებში გავრცელებულია ელექტრონული სიგარეტების, ვეიპ-კალმების ან ნიკოტინის პაკეტების გამოყენება, რომელთა გაყიდვაც ჩეხეში 2023 წლიდან კანონით რეგულირდება, მაგრამ, როგორც NPC აღნიშნავს, რომ ბევრი ასეთი პროდუქტი რეგულირების ქვეშ არ მოხვდა და ამიტომ, თავისუფლად ხელმისაწვდომია.
გასულ წელს პოლიციამ, ნარკოტიკების გამო, 3 000-ზე მეტი პირი მისცა პასუხისგებაში
გასულ წელს პოლიციამ, ნარკოტიკების გამო, პასუხისგებაში მისცა 3 309 პირი, რაც, 2023 წელთან შედარებით, 106 ერთეულით ნაკლებია. NPC-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, მსჯავრდებულთა უმრავლესობა ჩეხები იყვნენ, უცხოელთა რაოდენობამ კი 319 შეადგინა.
გასულ წელს ყველაზე მეტი (445) საქმე ცენტრალური ბოჰემიის რეგიონის გამომძიებლებმა გახსნეს, დედაქალაქ პრაღის პოლიციამ კი 425 საქმე დაარეგისტრირა. ტრადიციულად, კვლავ დაბალი მაჩვენებელია ზლინსკის მხარეში, სადაც გასულ წელს 52 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც წინა წლებში, გასულ წელსაც, ბრალდებულები სამართლებრივ დევნას, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო წარმოებისა და გასაღებისთვის ექვემდებარებოდნენ, რასაც მოჰყვა ნარკოტიკების შენახვისთვის დაკისრებული დანაშაული.
გასულ წელს ბრალდებულთა შორის მამაკაცები ჭარბობდნენ. ნარკოტიკული დანაშაულისთვის ასევე დააკავეს 559 ქალი და 81 არასრულწლოვანი.
საკანონმდებლო ცვლილებები
„2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, რომელიც მავნე დამიკიდებულების გამომწვევ აკრძალალულ ნივთიერებებს შეეხება. შეიქმნა ორი კატეგორია. პირველი კატეგორიაში შევიდა დაბალი რისკის შემცველი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ხოლო მეორე კატეგორია მოიცავს ბაზარზე გამოჩენილ ახალ ნივთიერებებს“, – ამბობს NPC-ის სპიკერი შმოლდასოვა.
მისი თქმით, მეორე კატეგორიაში შესულ ახალ ნივთიერებებზე მოხდება დაკვირვება, რათა დადგინდეს, ისინი ნარკოტიკული ნივთიერებები არიან თუ ფსიქომოდულატორები. ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება აკრძალულია, ხოლო ფსიქომოდულატორული ნივთიერებები, მკაცრი პირობების დაცვის პირობით, 18 წლის ასაკიდან ხელმისაწვდომია.
ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, იაკუბ ფრიდრიხის ანგარიშის შესავალში ნათქვამია, რომ ამჟამად განიხილება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, ჩეხეთში დასაშვები იქნება მცირე რაოდენობით კანაფის მოყვანა, რაც, ფრიდრიხის თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.