საქართველო მზად არის იმისთვის, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, დეტალური გზამკვლევი შედგეს იმისა, თუ როგორ აღვადგენთ ჩვენ ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებს და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ საქართველოს ნამდვილად ექნება იმის შანსი, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, აღდგეს და ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გახდეს უფრო მასშტაბური, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ახალმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილმა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ინერციით, როგორც აშშ-ში, ისე სხვა ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული პროცესები და გარკვეული მცდარი ხედვები საქართველოს ამა თუ იმ ნაბიჯთან დაკავშირებით, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთიანი პროცესი და, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ გარკვეული დრო დასჭირდეს წარმატების მიღწევას. ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი, რადგან ჩვენ ვხედავდით, რომ, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში იყო ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბების დიდი სურვილი და ახლა ახალი სივრცის შექმნა, ახალი ურთიერთობებისთვის, დაკავშირებული იქნება ძალისხმევასთან როგორც შეერთებული შტატების, ისე საქართველოს მხრიდან“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
ახალმა ელჩმა ხაზი გაუსვა ქართველი ჯარისკაცების მიერ შესრულებულ მისიებს ავღანეთსა და ერაყში და აღნიშნა, რომ ამით საქართველომ ამერიკას პარტნიორობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
„აუცილებელია გავიხსენოთ ქართველი ჯარისკაცების შეტანილი წვლილი და როლი ამ ურთიერთობების გაძლიერებაში. როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან მხარდამხარ იბრძოდნენ საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგის დასაცავად ავღანეთსა და ერაყში და ჩვენ არაერთხელ დაგვიდასტურებია ის, რომ საქართველო რეგიონში არის აშშ-ის სანდო პარტნიორი“, – განმარტა ტალიაშვილმა.
თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის ევროპის საბჭოში პოზიციონირებასა და საქართველოსთვის ამ ორგანიზაციის მნიშვნელობაზე.
„ევროპის საბჭოში ძალიან ცალსახაა საქართველოს პოზიციონირება და ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების კუთხით. უნდა ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადი იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი იმ მიღწევებით, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია ამ მიმართულებით. მე გამოვყოფდი 2021, 2023 და 2024 წლის ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქართველოს სასარგებლოდ რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც ადგენს რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლს, ანუ ოკუპაციას საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის. ეს გადაწყვეტილებები იძლევა საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან მტკიცედ და მყარად გვქონდეს გამყარებული საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები საქართველოს სიმართლის დასაცავად“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ინტერვიუს დასასრულს თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.
„საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობა და მომავალი გეგმები დაკავშირებულია, ერთი მხრივ, საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ, აშშ-ის მხრიდან საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების გაძლიერებასთან. ეს ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივად სასარგებლო. ელჩისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მან სრულად გამოხატოს და დაიცვას ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოს ინტერესები და არ არის არაფერი იმაზე უკეთესი, როდესაც შესაძლებელი ხდება, რომ ამ პროცესში ახალი ინიციატივები, თანამშრომლობის გაძლიერება, ურთიერთობების გაღრმავება მოჰყვეს იმ ინიციატივებს, რომლებიც მყარად არის დაფუძნებული ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“, – დასძინა საქართველოს ახალმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილმა.