ავტომანქანის ხელოსნის მკვლელობისათვის ბრალდებული კონსტანტინე ლ. 18 წლიან სასჯელს ხონი-ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამოჯანმრთელებამდე მოიხდის – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამავე საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის ბრალდებულ პაატა ხ.-ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქმე ეხება, თბილისში, ვაკეში, 2016 წლის სექტემბერში, ავტოფარეხში განთავსებულ სახელოსნოსთან მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც კონსტანტინე ლ.-მა შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამაზ მ.-ს გულმკერდის არეში მიაყენა ცეცხნასროლი გამჭოლი ჭრილობა და მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, იგი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე კონსტანტინე ლ.-ს თან ახლდა პაატა ხ. , რომელმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე არ აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.
წარდგენილი ბრალის თანახმად, კონსტანტინე ლ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. მასვე, ბრალად ედებოდა ცივი იარაღის ტარება, ხოლო პაატა ხ.-ს ბრალდების მხარე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, იმის მიერ ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია ორივე ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტები. საქმის მასალების გამოკვლევისას, დადგინდა, რომ კონსტანტინე ლ.-ს აქვს ფსიქიკური პრობლემები, თუმცა დანაშაულის ჩადენისას იგი შერაცხადი იყო. კონსტანტინე ლ.-ს სასამართლომ, მკვლელობისათვის წარდგენილ ბრალდებაში 12 წლით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვისათვის 2 წლით, ხოლო ტარებისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, ცივი იარაღის ტარებისათვის 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ დანაშაულებისთვის დადგენილი სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, ასევე სასჯელს დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი ნაწილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, კონსტანტინე ლ.-ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
მექანიკოსის მკვლელობისათვის მსჯავრდებული სასჯელს ფსიქიატრიულში მოიხდის
2017/05/18 12:33:14
კომენტარები
ნანახია: 1149 ჯერ