ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბეატე მაინლ-რაიზინგერი მზად არის, მისი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა „დი ველტს“ განუცხადა. ამასთან, მაინლ-რაიზინგერმა აღიარა, რომ პარლამენტში ან საზოგადოებაში ასეთ ნაბიჯს უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება. საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის (FSV UK) ანალიტიკოსის, ზუზანა ლიზცოვას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ნატო-ში შესვლა აქტუალური თემა არ არის, ბოლო წლებში მაინც მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, უნდა გადახედოს თუ არა ავსტრიამ თავის პოზიციას.
„თუ გამოკითხვების შედეგებს დავეყრდნობით, საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ, როგორც ჩანს, დიდად არ იცვლება“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა და დასძინა, რომ ნეიტრალიტეტის მხარდაჭერა კვლავ ძალიან მაღალია.
„შეგახსენებთ, რომ ავსტრიამ ნეიტრალიტეტი 1955 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ათი წლის შემდეგ გამოაცხადა. იმ დროს ის დამარცხებულ სახელმწიფოებს შორის სახელდებოდა, საოკუპაციო ზონებად იყო დაყოფილი და დამოუკიდებლობის მოპოვება, ფაქტობრივად, მხოლოდ ნეიტრალური სტატუსის მიღებაზე დათანხმებით შეძლო“, – განმარტა ლიზცოვამ და დასძინა, რომ სტატუსი კონსტიტუციით არის გამყარებული და „თუ ავსტრიელები ამაზე წავლენ, მათ შეუძლიათ ნეიტრალიტეტის გაუქმება“.
მაინლ-რაიზინგერის თქმით, ალპურ ქვეყანას მარტო ნეიტრალიტეტი ვერ დაიცავს. „რაც მსოფლიოში მზარდი უსაფრთხოების და რუსეთის მზარდი აგრესიულობის ფონზე ავსტრიას იცავს, ეს არის საკუთარ თავდაცვის შესაძლებლობებში, ასევე პარტნიორობაში ჩადებული ინვესტიცია. პრინციპში, მე ღია ვარ ავსტრიის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მომავლის შესახებ საჯარო დებატების გამართვისთვის“, – განაცხადა მან.
ლიზკოვა ამბობს, რომ ავსტრია ასეთ საფრთხეს არ გრძნობს
ლიზკოვას აზრით, სკანდინავიური ქვეყნების მაგალითი, რომლებიც ნატო-ში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შევიდნენ, საკმაოდ ნიშანდობლივია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, ავსტრია რუსეთის მხრიდან ისეთ დიდ საფრთხეს არ გრძნობს, როგორსაც ფინეთი ან შვედეთი.
„ავსტრია, უბრალოდ, თავისი მოკავშირეებით არის გარშემორტყმული “, – დასძინა მან. ლიზკოვა ამბობს, რომ ავსტრიის არმია „არც თუ ისე კარგ ფორმაშია“. თუმცა, მისივე თქმით, ამით ის ძალიან არ განსხვავდება ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოსგან, „რომლებიც უსაფრთხოების ცრუ განცდაში ჩავარდნენ“.
ავსტრია მარტო დარჩება, თუ მას თავს დაესხმებიან
ანალიტიკოსის თქმით, ბოლო წლებში ავსტრიის შეიარაღებული ძალები, ძირითადად, კონცენტრირებული არიან სტიქიური უბედურებების დროს ქვეყნის დაცვაზე ან საზღვარგარეთულ მისიებში მონაწილეობაზე. „მათ არ გაუზრდიათ თავიანთი თავდაცვითი პოტენციალი იმ დონემდე, რომ ავსტრიის საჭიროებები დაკმაყოფილებულიყო“, – თქვა მან.
„ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ავსტრია, რომელიც არცერთ სამხედრო ალიანსში არ შედის, საკმარისად დაცული არ არის“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ გარე ძალების თავდასხმის შემთხვევაში, ავსტრია მარტო აღმოჩნდება. თუმცა, ლიზკოვას თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების წყალობით, ქვეყანა თავდაცვისა და საგარეო საკითხების საერთო ევროპულ პოლიტიკაში მონაწილეობს.