29 ივლისს, უკრაინული ბრიგადა „რუბიჟის“ ოფიცერმა, მაქსიმ პროსკუროვმა პოლონეთსა და მთლიანად, ევროკავშირს მოუწოდა, როგორც ჯარები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა, რუსეთის პოტენციური აგრესიისთვის მოამზადოს. მისი თქმით, ჰიბრიდული ომი უკვე დაწყებულია.
„პოლონურ რადიოსთან“ ინტერვიუში, მაქსიმ პროსკუროვი ამბობს, რომ კრემლის აგრესიის შესაკავებლად, მხოლოდ კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი შეიარაღებული ძალების ყოლა საკმარისი არ არის.
„გადამწყვეტია სამოქალაქო თავდაცვას, სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის თანამშრომლობა“, – აღნიშნა მან.
პროსკუროვის მტკიცებით, პოლონეთი და რუსეთისა და ბელარუსის მოსაზღვრე სხვა სახელმწიფოები ჰიბრიდულ კონფლიქტში არიან ჩათრეულნი და „პროვოკაციებს, შესაძლოა, ღია აგრესიასაც უნდა ელოდნენ“.
მისივე თქმით, პოლონელებმა უნდა იცოდნენ ევაკუაციის მარშრუტები, უახლოესი სამხედრო სამეთაურო პუნქტის ადგილმდებარეობა და შეეძლოთ სამოქალაქო წინააღმდეგობის რაზმების შექმნა.
„ახლავე იფიქრეთ თქვენი ჯარისკაცების მხარდაჭერაზე; იყავით მზად“, – დასძინა მან.
პოლონეთის, აშშ-ისა და გერმანიის სადაზვერვო სამსახურები ახლახან გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ 2027 წლისთვის, შესაძლოა, რუსეთი და ჩინეთი აგრესიული ქმედებებისთვის მზად იყვნენ.
გარდა ამისა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალმა, ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ალექსუს გრინკევიჩმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, მაქსიმუმ, 18 თვე აქვთ რუსეთთან და ჩინეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მოსამზადებლად.
მისი თქმით, თუ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინ პინი ტაივანის წინააღმდეგ დაიწყებს მოქმედებას, მოსკოვმა, შესაძლოა, პარალელურად იმოქმედოს, რაც 2027 წელს შესაძლო კრიზისულ წლად აქცევს.
გრინკევიჩი 25 ივლისს ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და ქვეყნის სხვა ლიდერებს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ, ტუსკმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, 2027 წელს ევროპას პირდაპირი სამხედრო საფრთხე შეუქმნას. ამ საფრთიდან გამომდინარე, მან სამთავრობო დეპარტამენტებს „ყველა სახის რისკის აღმოფხვრისკენ“ მოუწოდა.