მინისტრმა სოციალურ მედია-პლატფორმა X–ზე დაწერა, რომ ვარშავამ, დაახლოებით 45 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების წარდგენასთან ერთად, შესაბამისი თანხის გამოსაყოფის თხოვნით, ევროკომისიაში „წინასწარი დეკლარაცია“ უკვე შეიტანა.
„საბოლოოდ რამდენს მივიღებთ, განაცხადების რაოდენობასა და კომისიის მიერ თანხების გადანაწილებაზე იქნება დამოკიდებული“, – აცხადებს კოსინიაკ-კამიში.
SAFE (უსაფრთხოების სტრატეგიული ევროპული საინვესტიციო სახსრები) ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად, 2030 წლამდე 150 მილიარდ ევრომდე სესხს სთავაზობს. თანხების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებით, საბრძოლო მასალებიდან დაწყებული და ძირითადი შეიარაღების სისტემებით დამთავრებული.
მინისტრის განმარტებით, პოლონეთს ამ ფულით „არმიის ძირითადი შესაძლებლობების გაძლიერება“ და უსაფრთხოების ისეთი ინიციატივების დაფინანსება სურს, როგორიც არის, მაგალითად, „აღმოსავლეთის ფარის“ პროექტი ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ.
კოსინიაკ-კამიშმა სესხებს უწოდა „რეალური ინვესტიცია უსაფრთხოებასა და ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის ზრდაში“, რაც ასევე გაზრდის ნატო-ს კოლექტიური შეკავების შესაძლებლობებს.
თავის მხრივ, ევროკომისიის სპიკერი, ტომას რენიე იუწყება, რომ სამშაბათისთვის სესხის მოთხოვნა კიდევ ცხრა წევრმა სახელმწიფომ – ბელგიამ, ბულგარეთმა, კვიპროსმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა, ესპანეთმა, ფინეთმა, უნგრეთმა და ლიეტუვამ – წარადგინა.
ვარშავამ ადრე გამოთქვა ვარაუდი, რომ ფონდ SAFE-დან, რომელიც ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შეიქმნა, ქვეყანას, მინიმუმ, 100 მილიარდი პოლონური ზლოტის (27 მილიარდი აშშ დოლარი) მიღება შეუძლია.
SAFE-ს წესების თანახმად, პროექტში უნდა მონაწილეობდეს ევროკავშირის მინიმუმ ორი ქვეყანა, თუმცა, პირველ წელს ნებადართულია ერთ ქვეყანასთან კონტრაქტის გაფორმება. უკრაინას ასევე შეუძლია შეუერთდეს სქემას ევროკავშირის წევრ ერთ ან მეტ სახელმწიფოსთან პარტნიორობის ფარგლებში, ხოლო ნორვეგიას და შვეიცარიას – ასოცირებული ქვეყნების სტატუსიდან გამომდინარე.