მდიდრული სუპერიახტა, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებამ სანქცირებულ რუს მილიარდერს, სულეიმან კერიმოვისგან ჩამოართვა, აუქციონზე გაიყიდება. 348 ფუტის (106 მეტრი) სიგრძის „ამადეას“ აქვს ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, აუზი, ჯაკუზი, სპორტული დარბაზი, სპა, სილამაზის სალონი და რვა კაიუტა, რომლებშიც 16 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი. მის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდ amadeaauction.com-ზეა განთავსებული. იახტა, რომლის ღირებულება 300 მილიონ დოლარზე მეტია, რუს ოლიგარქს 2022 წლის აპრილში ფიჯიზე ჩამოართვეს, ამჟამად ის დაყადაღებულია და სან დიეგოშია (კალიფორნიაში) გაჩერებული. აუქციონს ფორტ-ლოდერდეილში (ფლორიდა) კომპანია National Maritime Services-ი ჩაატარებს. მასში მონაწილეობის განაცხადები 10 სექტემბრამდე მიიღება და 10 მილიონი დოლარის ოდენობის საწყის დეპოზიტს საჭიროებს.
იახტა აუქციონზე მას შემდეგ გაიტანეს, რაც მარტში ამერიკელმა მოსამართლემ გემის საკუთრებაზე კონკურენტის პრეტენზიები არ დააკმაყოფილა – კიდევ ერთმა მდიდარმა რუსმა, რუსეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ედუარდ ხუდაინატოვმა ნიუ-იორკის სასამართლოს განუცხადა, რომ „ამადეას“ კანონიერი მფლობელი იყო, რაც საოლქო მოსამართლე დეილ ჰომ არ გაიზიარა. პროკურორების განცხადებით, ხუდაინატოვი „ამადეას“ „ფორმალური მფლობელი“ იყო, ნამდვილ მესაკუთრეს კი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, კერიმოვი წარმოადგენდა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები ჯერ 2018 წელს, შემდეგ კი, განმეორებით, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაუწესა. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, მაშინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევა დაიწყო, რაც Task Force KleptoCapture-ის („კორუფციონერი ოლიგარქების ქონების კონფისკაციის სამუშაო ჯგუფი“) სახელით არის ცნობილი.
თანამდებობის დაკავების შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამუშაო ჯგუფი დაშალა. აშშ-ის კონგრესმა გასულ წელს მიიღო კანონი, რომელიც ჩამორთმეული რუსული აქტივების გაყიდვის საშუალებას იძლევა, შემოსული თანხები კი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას უნდა მოხმარდეს.