თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 6 თურქოლოგი სტუდენტი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის (თურქეთი) ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების 5 ქართველოლოგი სტუდენტი მონაწილეობდნენ თურქული ენის საზაფხულო ბანაკში, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში გაიმართა.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაეუმჯობესებინათ პრაქტიკული თურქული ენის ცოდნა და უკეთ გაეცნოთ თურქული კულტურა, ისტორია, ეთნოგრაფია.
ინტერკულტურული ბანაკის მიზანია დაეხმაროს ორი მეგობარი ქვეყნის სტუდენტებს სოციალიზაციაში, ახალი კონტაქტების დამყარებაში, შესასწავლი ენის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, კულტურული მრავალფეროვნების უკეთ გაცნობასა და, რაც მთავარია, ერთობლივი სტუდენტური კვლევითი პროექტების დაგეგმვაში.
ბანაკის პროგრამა შედგებოდა ორი ნაწილისგან: შემეცნებითი და კულტურული. ქართველი და თურქი პროფესორების მიერ სხვადასხვა თემაზე მომზადებულ ლექციებთან ერთად მსმენელებს ყოველდღიურად უტარდებოდათ პრაქტიკული გაკვეთილები საკომუნიკაციო ქართულ და თურქულ ენებში, რომლებსაც უძღვებოდნენ თსუ-ის ასოცირებული პროფესორი გიული შაბაშვილი და თურქეთის საელჩოს ლექტორი, დოქტორი ქადრიე ჰაირი.
საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ლექციების თემატიკა : კულტურული და სოციალური სტერეოტიპები ენაში (ასოც. პროფესორი ელისაბედ ბჟალავა); ქართული და თურქული ლიტერატურული პროცესების შედარებითი ანალიზი (ასისტენტ-პროფესორი მზისა ბუსკივაძე); ქართველებისა და თურქების საერთო ტრადიციები (თურქეთის საელჩოს მასწავლებელი რუქიე ბაშაქ იალჩინქაია); კახეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ეტიუდები (თსუ მოწვეული პროფესორი ნინო ოქროსცვარიძე).
ორივე უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორებთან ერთად ერთვებოდნენ სხვადასხვა შემეცნებით და კულტურულ აქტივობებში: ინტერვიუ პარტნიორ კულტურაზე; კულტურული საღამო – (მასტერკლასები სტუდენტები ასწავლიან ერთმანეთს ქართულ და თურქულ ტრადიციულ ცეკვას); ლიტერატურული წრე – ორენოვანი მხატვრული კითხვა; თამაში (ტიპიური შეცდომები ქართულ/ თურქულ ენაში); „მთარგმნელის ბრძოლა“ – ორენოვანი შეჯიბრი სწრაფ თარგმანზე და სხვა.
პროექტის ავტორის, თურქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის, თსუ ასოცირებული პროფესორის ელისაბედ ბჟალავას თქმით, „საზაფხულო ბანაკმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინარჩუნებს წამყვან პოზიციას თურქოლოგიის დარგში. თსუ თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა არა მხოლოდ სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას სთავაზობს სტუდენტებს, არამედ მათ აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, საზაფხულო სკოლებსა და კულტურულ ბანაკებში მონაწილეობის გზით. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენის ცოდნის მაღალ დონეზე დაუფლებას, თურქეთისა და რეგიონის ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის ღრმა შესწავლას.“
ბანაკის მუშაობით და სტუდენტებისგან მომსმენელი შეფასებებით კმაყოფილმა საზაფხულო ბანაკის მხარდამჭერებმა – იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრისა და საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GURTIAD) წარმომადგენლებმა, შემდგომ ღონისძიებებშიც გამოთქვეს სტუდენტების მხარდაჭერის სურვილი.
თურქული ენის პირველი საზაფხულო ბანაკი შარშან სვანეთში გაიმართა.