ცოტნე გამსახურდიას მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. საუბარია პატიმრობის პერიოდში ქრთამის მიცემის ბრალდებაზე, რაზეც გამსახურდიას 2011 წელს სასჯელი დაემატა და სასამართლომ კიდევ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ, გამსახურდიამ ევროსასამართლოს მიმართა. სტრასბურგის სასამართლომ მისი სარჩელი დასაშვებად ცნო და განხილვის პერიოდში, საქართველომ გამსახურდიასთან მეგობრული მორიგების სურვილი გამოთქვა.
ევროსასამართლოს განჩინებით, მორიგების შემდეგ, საქართველოს ცოტნე გამსახურდიას ფულადი კომპენსირება დაევალა. პარალელურად, პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიება. ევროსასამართლოს განჩინება კი, ახალ გარემოებად დაერთო საჩივარს, რომელიც გამსახურდიას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს.
ძიების შემდეგ, საქმის ხელახალი გადახედვა სააპელაციოში პროკურატურამაც მოითხოვა. საქმეები გაერთიანდა და საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ დღეს ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
როგორც საზოგადოებრივს გამსახურდიას ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა განუცხადა, დადგინდა, რომ პატიმრობის პერიოდში, ცოტნე გამსახურდიას მიმართ ციხის თანამშრომლებმა დანაშაულის პროვოცირება მოახდინეს.
„ხელახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გამსახურდიას სამაგალითოდ დასჯის მიზნით, საპატიმრო დაწესებულებაში ცოტნე გამსახურდიას მოუწყვეს დანაშაულის პროვოცირება, მას საპყრობილის თანამშრომელმა ციხიდან კორესპონდენციის გატანა შესთავაზა, რის სანაცვლოდაც გამსახურდიას ოჯახის წევრებს ფულადი გასამრჯელო გამოართვა. აღნიშნულისთვის ცოტნე გამსახურდია მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ქრთამის მიცემისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. დადგინდა, რომ ეს იყო პროვოცირება და გამოძიება მაშინ, ჩატარდა მიკერძოებულად“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.
