კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IT მიმართულებით მომუშავე მასწავლებლებს, კერძოდ, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის, კომპიუტერული ქსელისა და სისტემების, ქსელის ადმინისტრირების, ვებ-ტექნოლოგიების, Front-end დეველოპმენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგის პედაგოგებს.ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.
კანდიდატების შერჩევა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროფესიული საქმიანობის შედეგების ანალიზისა და მათი რეპლიკაციის გეგმის საფუძველზე განხორციელდება. სპეციალური კომისიის მიერ 50 საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი შეირჩევა, რომლებიც საქართველოში ტრენინგს თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ექსპერტების მიერ გაივლიან.
პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტრენერების შეფასების საფუძველზე, 15 საუკეთესო მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება. საერთაშორისო ვიზიტში მონაწილეობის შემდეგ, თითოეული მასწავლებელი ვალდებული იქნება მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ კოლეგებს გაუზიაროს.
კონკურსისთვის, კანდიდატმა, 2025 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, განაცხადის ფორმა უნდა შეავსოს შემდეგ ბმულზე.
დაინტერესებულ პირებს, კონკურსის შესახებ სრულ ინფორმაციას, შეუძლიათ გაეცნონ შემდეგ ბმულზე.
პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მუდმივად ზრუნავს პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ შორის, პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების გზით.
2024 წლიდან დღემდე, საერთაშორისო ვიზიტებში 55 მასწავლებელი ჩაერთო, რომლებმაც მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ დონეზე კოლეგებსაც გაუზიარეს, რეპლიკაციების აქტივობებში საქართველოს მასშტაბით 700-მდე მასწავლებელი ჩაერთო.