„გუშინ ვნახეთ, რომ მათი სახე იყო, სამწუხაროდ, ბავშვთა ფსიქოლოგი, რომელმაც თქვა: კიბო გაქვს, მაინც მოკვდები. ეს იყო იმდენად სიმბოლური და მათი რეალური სახის მაჩვენებელი, რომ ვერ წარმომიდგენია, ვის შეიძლება ჰქონდეს სურვილი, რომ ამ აქციების დროს მათთან აფილირება მოახდინოს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა: „ქვეყანა საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს – ვერთიანდებით, 4 ოქტომბერს გარდაუვალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“.
ნინო წილოსანის თქმით, ძალიან კომიკური პერსონაჟი რომ არ იყოს ხაბეიშვილი, კანონსაწინააღმდეგო მოწოდებასთან გვაქვს საქმე.
„რევოლუცია და არჩევნების დღეს ექსტრემიზმი, ამას გეგმავენ. მაგრამ ვიცით, რომ მათ ამისი არანაირი რესურსი აღარ შერჩათ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, წინა აქციებიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა.
„რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, იმდენად ცხადი გახდა, კითხვის ნიშანიც აღარ არის. და მათ შორის ის საქმე, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს და რაც არის საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმე, სადაც ყველა ვხედავდით, რამხელა იყო მონაწილეობა იმ გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორის, რომელიც ყველანაირი რესურსით ამ აქციებს რადიკალიზმისკენ მიექაჩებოდა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.