ყოველ შეხვედრაზე მოქალაქეებს ვეუბნები, რომ მათგან მიღებული ინფორმაცია მომცემს შესაძლებლობას, არსებული მწვავე საკითხები საკრებულოს წინაშე დავაყენო, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლილო-ორხევის ოლქიდან, მამუკა ხაბარელმა.
მისი თქმით, კახა კალაძის მერობის პერიოდში მის სამაჟორიტარო ოლქში საინტერესო პროექტები განხორციელდა.
„ბოლო წლების განმავლობაში 9 სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდა. ასევე, 4 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელიც მოიცავს აუზებს, დარბაზებს, სატრენაჟორო სივრცეებს, სტადიონებს. სულ რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ დააანონსა დიდ ლილოში 1 200 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა, რომელიც ასევე, პადელის კორტსაც მოიცავს და სატრენაჟორო სივრცეს.
მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩემს სამაჟორიტაროში პრემიერის ინიციატივით შენდება 70 ათას მაყურებელზე გათვლილი უეფას სტანდარტის სტადიონი, რომელიც დააინტერესებს არა მარტო თბილისის მაცხოვრებლებს, ზოგადად, საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს და ბუნებრივია, სამგორი ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება.
ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ბოლო წლებში 8 რეკრეაციული სივრცეა მოწყობილი. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა დაისვენონ, შეხვდნენ ერთმანეთს და უფრო მეტი სიახლოვე და კონტაქტი ჰქონდეთ. მხოლოდ ლილოს დასახლებაში ბოლო ორ წელიწადში 2 ულამაზესი ასეთი სივრცეა მოწყობილი“, – განაცხადა ხაბარელმა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო შეხვედრებს მოქალაქეებთან ხშირად მართავს და მოსახლეობის აქტივობა ძალიან დიდია.
„ძალიან დიდი მუხტი და ემოცია მოდის ამ ადამიანებისგან. პირველ რიგში, ისინი გამოხატავენ დიდ მადლიერებას შესრულებული პროექტების გამო. ბუნებრივია, დგას პრობლემატური საკითხები, ეს არის ავარიული შენობები, ეზოების კეთილმოწყობა და სხვა საკითხები. არსებობს მკაფიო გეგმა მათი გადაჭრის, რომელსაც მომდევნო წლებში აუცილებლად მივუბრუნდებით. რაც ყველაზე მთავარია, ამაში აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობა. ყოველ შეხვედრაზე მათ ვეუბნები, რომ მათგან მიღებული ინფორმაცია მომცემს შესაძლებლობას, რომ არსებული მწვავე საკითხები პირველ რიგში დავაყენო საკრებულოს წინაშე და რაც მთავარია, განვსაზღვროთ პრიორიტეტები. პრიორიტეტების მიხედვით შევუდგეთ შემდეგ პრობლემატური საკითხების მოგვარებას“, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
ხაბარელმა ასევე ისაუბრა დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის პრობლემაზე.
„მინდა გითხრათ, აღნიშნული პოლიგონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რამდენიმე დღის წინ კახა კალაძეს ჰქონდა პრეზენტაცია. შესაბამისად, იქ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხებში იყო შეყვანილი ეს თემა. უახლოეს მომავალში იგეგმება გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. რაც ძირითად პრობლემას ქმნის, ეს არის უსიამოვნო სუნი როგორც დიდი ლილოს ტერიტორიაზე, ასევე წინუბნაში, ნასაგურში, თვითონ ლილოს დასახლებამდეც აღწევს ეს უსიამოვნო სუნი, რაც ნაჟური წყლების გამოდინებითაა გამოწვეული. პირველი ეტაპისთვის მნიშვნელოვანია, ეს პრობლემა მოგვარდეს. იგეგმება გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა“, – ხაბარელმა.