ლევან მახაშვილი ბრიტანეთის საელჩოში გიორგი ბარამიძისა და გიგა ბოკერიას ვიზიტს ეხმაურება. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დაასახელა ის გზავნილი, რაც მმართველი გუნდისთვის ამ შეხვედრაზე ბრიტანეთის ელჩისგან მისაღები იქნებოდა.
„ჩვენ შეიძლება ყველანაირი შეხვედრის აზრი გავიგოთ. მთავარია, რეალურად რაზე იყო საუბარი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, რა იყო მთავარი გზავნილი დიდი ბრიტანეთის ელჩის მხრიდან. ჩვენთვის მისაღები იქნებოდა მხოლოდ ერთადერთი გზავნილი, რომ დიდი ბრიტანეთისთვის მიუღებელია ძალადობა, ექსტრემიზმი, არჩევნების ბოიკოტი და საზოგადოების ნების უგულებელყოფა. თუ ეს გადასცა მკაფიოდ, მაშინ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ შეხვედრას, ხოლო თუ ეს შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ პირიქით, წაეხალისებინა ეს რადიკალური ძალები, ეს იქნებოდა ჩვენთვის მიუღებელი“, – აცხადებს მახაშვილი.
„ქრონიკის“ კამერამ შემთხვევით გადაიღო გია ბარამიძის და გიგა ბოკერიას ფარული შეხვედრა ბრიტანეთის საელჩოში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შენობას ტოვებდნენ. ბარამიძე ამბობს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს 4 ოქტომბრის აქციაზე ესაუბრა.