პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ოპოზიციონერ ვანო მაჭავარიანის განცხადებებს ეხმიანება და იხსენებს „ქართულ ოცნებაში“ გიორგი მარგველაშვილის მიერ 2011 წელს მის მოყვანას.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, გუნდისთვის იმ დროს საინტერესო იყო, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი გავლენიანი წევრის, მიხეილ მაჭავარიანის ძმის ყოფნა, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა ნაცმოძრაობას, განსაკუთრებით კი ომის თემაზე ჰქონდა ხისტი პოზიციები.
„მოვისმინე ვანო მაჭავარიანის ინტერვიუ, განსაკუთრებით გამიკვირდა მისი შეფასებები 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე. მარგველაშვილმა მოიყვანა 2011 წელს ვანო მაჭავარიანი იმ და გუნდს უთხრა, რომ ის კონფლიქტშია თავის ძმასთან და ჰქონდა სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის. არა მხოლოდ პირად საუბრებში, არამედ საჯაროდ ის აკრიტიკებდა ნაცმოძრაობას მწვავედ და ჰქონდა საკმაოდ ხისტი პოზიციები წინა ხელისუფლების შეცდომებზე, მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. “ – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
მისივე თქმით, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ვანო მაჭავარიანი გუნდში აღარ მოსულა და მოგვიანებით გაირკვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ გამართული შეხვედრები მან საკუთარი ძმისა და „ნაციონალური მოძრაობის“ შანტაჟისთვის გამოიყენა და ამით თანამდებობა მიიღო.
„რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ვანო მაჭავარიანი დაიკარგა, გუნდში აღარ მოსულა. გაუგებარი საუბრები გვქონდა მუდმივად, თითქოს, თავად ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის სურვილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან ერთგვარად დააშანტაჟა თავისი ძმა და „ნაცმოძრაობა“, რამდენადაც ის იყო სამსახურის გარეშე, მიიღო თანამდებობა – საპარტნიორო ფონდის დირექტორად დანიშნეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაჭავარიანი აგრძელებდა ნაცმოძრაობის კრიტიკას და კვლავ ჰქონდა მცდელობა გუნდში შემოსვლის, საბოლოოდ კი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი მრჩევლის სტატუსი მიიღო. დანარჩენი რასაც საუბრობს ანაკლიის პორტი იქნება ეს, აგვისტოს ომი თუ სხვა თემები, შეცვლილი რიტორიკით და თითქოს, მას, როგორც დიპლომატს რაიმე სთხოვეს, არის სიცრუე. მაჭავარიანი დიპლომატიც კი არ იყო მაშინ, უსამსახუროდ იყო დარჩენილი, სანამ ერთგვარი შანტაჟის გზით საპარტნიორო ფონდის დირექტორი არ გახდა.“ – აცხადებს გიორგი ვოლსკი.