საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მშვიდობის მომტანი იქნება.
მაკრონის თქმით, არავის დავიწყებია 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული და მძევლად აყვანილი ადამიანები, არც ისრაელის საპასუხო იერიშების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული ათასობით პალესტინელი.
„საფრანგეთს სურს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, საფრანგეთს სურს 48 მძევლის დაუყოვნებლივი გათავისუფლება. საფრანგეთს სურს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაბრუნება. საფრანგეთს სურს შესაძლო ხვალინდელი დღე ღაზაში, „ჰამასის“ დაშლით და ხელისუფლებიდან მოშორებით. საფრანგეთს სურს განახლებული პალესტინის ხელისუფლება, სასკოლო სასწავლო გეგმები, რომლებიც არ ასწავლიან სიძულვილს. საფრანგეთს სურს ორი სახელმწიფო, რომლებიც მშვიდობიანად, ერთმანეთის გვერდით იცხოვრებენ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ამასთან, „პოლიტიკო“ წერს, რომ ემანუელ მაკრონი 27 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში „დიდ დიპლომატიურ გადატრიალებას“ გეგმავს.
გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების იდეის გარშემო რამდენიმე დასავლური ქვეყნის გაერთიანებას გეგმავს. თუმცა მედიაში ვარაუდობენ, რომ მის ინიციატივას არ შეუერთდებიან ისეთი ქვეყნები, როგორიც არიან გერმანია და იტალია.