წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის და მისი იდეოლოგიის გარშემო ისედაც გაერთიანებულია ყველა მათგანი, ამიტომ ვიზუალურად, ნომრებით თუ ფერებით შეიძლება, სხვა სახელი ჰქონოდათ, მაგრამ სინამდვილეში, ერთ საქმეს აკეთებდნენ, ერთ მიზანს ემსახურებოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკვე მერამდენედ, ვერ სწავლობენ და დასკვნები ვერ გამოაქვთ ვერც უნგრეთიდან და ვერც სერბეთიდან.
„ამ ტიპის პრიმიტიული შედარებები სწორედ იმას აჩვენებს, რომ ეს ხალხი ძალიან ღრმა ილუზიებში ცხოვრობს ერთი თუ მეორე სცენართან დაკავშირებით. მათ ხეზე ასვლას ვერ ვასწავლი, მაგრამ თუ აინტერესებთ, სათანადო დასკვნების გამოტანა შეუძლიათ, გინდ სერბეთიდან, გინდ უნგრეთიდან. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ქვეყნებთან შედარებით აქვთ, ეს არის ის, რომ მათი პარტიები, მთლიანი ერთობა სრულად მოწყვეტილია ეროვნულ იდეოლოგიას, ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს. ეს პირდაპირ დაფუძნებულია სულ სიცარიელეზე და უცხოელების ინტერესებზე. ამიტომ, ვერანაირი ახალი იდეა თუ ახალი ინიციატივა მათ ერთობას ვერაფერს უშველის, მათი ბედი მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა. იმედია, მათ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ წერტილსაც დაუსვამს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის რაღაც ,,ღრმა, ფილოსოფიური” შეფასებები არც ახალია საზოგადოებისთვის და მით უმეტეს, წარსული გამოცდილებიდან ვერც ისწავლეს“, – განაცხადა მახაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა. ახლაც ერთადერთი რეცეპტი არის ერთიანობა. ასე იყო უნგრეთში და ასე მოხდა სერბეთშიც“. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა: „ქვეყანაში არსებული ნამდვილი ლიდერი (ლიდერები) აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლიდერი ციხეშია“.
