აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიესალმება ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ფლავიო ბოლსონარუს აშშ-ში ჩასვლას.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
„დიახ, მე ამას მხარს დავუჭერდი. არჩევნები ძალიან უცნაური იყო და მიმაჩნია, რომ საშინლად ჩატარდა. მას ცუდ შეფასებებს აძლევენ. შეხედეთ, რა დაემართა მათ საფონდო ბაზარს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ბრაზილიაში განვითარებული მოვლენები მისთვის სამწუხაროა.
„საშინელებაა ამის ნახვა. მხარე არ დამიჭერია, იცით, ორივეს ვიცნობ. ლულასაც ვიცნობ, ფლავიოს კი – ცოტა ხანია. მამამისს ძალიან კარგად ვიცნობ. ჩემი აზრით, მამამისს ძალიან ცუდად მოექცნენ, თუმცა ამ პროცესში ჩართული არ ვყოფილვარ. ეს ბრაზილიაა, განსხვავებული ქვეყანა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლსონარუმ ბრაზილია დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა.
ცნობისთვის, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ კონსერვატორი კონკურენტი ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ლულამ ხმების 52% მიიღო, ბოლსონარუმ კი – 48%. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, გაყალბებული იყო.
