რამდენიმე ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილებას დაჯგუფება „ჰამასი“ გამოეხმაურა და მას დამოუკიდებლობისკენ გადადგმული „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.
„ეს აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი პალესტინელი ხალხის უფლებების შესანარჩუნებლად საკუთარ მიწასა და წმინდა ადგილებზე, ასევე მათი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის იერუსალიმით, როგორც მისი დედაქალაქით. ეს არის ჩვენი ხალხის ბრძოლის, სიმტკიცისა და თავგანწირვის დამსახურებული შედეგი გათავისუფლებისა და დაბრუნების გზაზე. ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს უნდა ახლდეს პრაქტიკული ზომებიც, რომლებიც ღაზის სექტორში ჩვენი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ სასტიკი გენოციდის დაუყოვნებლივ შეჩერებას გამოიწვევს“, – წერია „ჰამასის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამასთან, დაჯგუფება „ჰამასმა“ სოციალური ქსელის მეშვეობით საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე გაერო-ს და მის ინსტიტუტებს ისრაელის იზოლირებისკენ მოუწოდა. „ჰამასი“ აცხადებს, რომ მათ ისრაელთან ყველა სახის თანამშრომლობა უნდა შეწყვიტონ და სადამსჯელო ზომები მიიღონ.
„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გაერო-ს და მის ინსტიტუტებს, მოახდინონ ამ თაღლითური ერთეულის იზოლირება, მასთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის ყველა ფორმა შეწყვიტონ და იმუშაონ იმისთვის, რომ მისი ლიდერები – ომის დამნაშავეები – კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის საერთაშორისო სასამართლოების წინაშე პასუხისგებაში მიეცნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ 21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.