აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ კირკი პოლიტიკური მოტივით მოკლეს.
რუბიომ ისაუბრა ჩარლი კირკის ახლო ურთიერთობაზე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ის თავდაპირველად სკეპტიკურად იყო განწყობილი კირკისა და მისი ორგანიზაციის, Turning Point USA-ს მისიის მიმართ, რომელიც აშშ-ის უნივერსიტეტებში კონსერვატიულ იდეებს ავრცელებდა.
„მაგრამ ჩემი სკეპტიციზმი არასწორი აღმოჩნდა“, – განაცხადა რუბიომ და გაიხსენა კირკთან მისი ურთიერთობა.
მარკო რუბიოს თქმით, ჩარლი კირკი გამბედავი ადამიანი იყო, თავისი უნარით, ეკამათა იმ ადამიანებთან, რომელთაც არ ეთანხმებოდა. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ჩარლი კირკს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ამერიკელ ახალგაზრდებზე და ხელმძღვანელობდა მოძრაობას, რომელიც „პოლიტიკაზე უფრო ღრმა იყო“.
მარკო რუბიომ ასევე ისაუბრა ამერიკაში არსებულ პოლარიზაციის პრობლემაზე.
„სულ უფრო და უფრო მეტად ადამიანები გადადიან ისეთ უბნებში, სადაც მათი მსგავსი პოლიტიკური შეხედულებების მქონეები ცხოვრობენ და იზოლირდებიან იმ ადამიანებისგან, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან. ჩარლი კირკი გაბედული ადამიანი იყო“, – აღნიშნა რუბიომ.