ბრაზილიაში ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტარებს იმუნიტეტს ანიჭებს და სასჯელს ამსუბუქებს მათთვის, ვინც 2023 წლის 8 იანვარს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არიან დამნაშავედ ცნობილი.
დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში გაიმართა, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში, სან-პაულოსა და ბრაზილიაში. როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ სიტყვებს: „არა ამნისტიას“.
დემონსტრანტების განცხადებით, ისინი ეწინააღმდეგებიან როგორც ე.წ. ფარის კანონპროექტს, რომელიც პარლამენტარებს იმუნიტეტს ანიჭებს, ასევე ამნისტიის ინიციატივას იმ პირებისთვის, რომლებიც 2023 წლის 8 იანვარს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არიან დამნაშავედ ცნობილი, მათ შორისაა ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო.
ბრაზილიის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნო და 27 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბოლსონარუ დამნაშავედ იქნა ცნობილი შემდეგ ბრალდებებში: სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა, შეიარაღებული კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა, ბრაზილიის დემოკრატიული წესრიგის ძალის გამოყენებით დარღვევის მცდელობა, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, საჯარო საკუთრების დაზიანება 2023 წლის 8 იანვარს, მისი მხარდამჭერების მიერ სამთავრობო შენობებზე თავდასხმის დროს.