სრულიად უსაფუძვლოა ესტონეთის ხელისუფლების ბრალდებები, თითქოს რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვიეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, მოსკოვს ესტონეთის მხრიდან არ გაუგია, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები თავისი ბრალდების დასადასტურებლად.
ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რუსი პილოტები ყოველთვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებენ.
„ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები. ასეთ განცხადებებს უსაფუძვლოდ მივიჩნევთ, რაც დაძაბულობის ესკალაციას ისახავს მიზნად. ეს ცუდია“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ 19 სექტემბერს სამმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.