ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა.
საუბრისას, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე საერთო გამოწვევების დაძლევის მიზნით.
მინისტრებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს, გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება. ხაზი გაესვა საფრანგეთის მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მაკა ბოჭორიშვილმა ფრანგ კოლეგას საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.