გაერო-ში ვარაუდობენ, რომ ესკალატორი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ადიოდნენ, შემთხვევით დონალდ ტრამპის ვიდეოოპერატორმა გააჩერა.
გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დიუჟარიკის ინფორმაციით, ესკალატორის ცენტრალური პროცესორის მონაცემები აჩვენებს, რომ ის უსაფრთხოების მექანიზმის ამოქმედების გამო გაჩერდა.
დიუჟარიკის თქმით, ამ დროს დონალდ ტრამპის ვიდეოოპერატორი ესკალატორზე ზურგით ადიოდა, რათა აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის მისვლა გადაეღო.
„ვიდეოოპერატორმა შესაძლოა, უნებლიედ გააქტიურა უსაფრთხოების ფუნქცია“, – აღნიშნა დიუჟარიკმა.
ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ესკალატორთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ იხუმრა, მას შემდეგ, რაც აღნიშნა, რომ გაერო-ს ტელესუფლიორი არ მუშაობდა.
„გაერო-სგან ორი რამე მივიღე, ცუდი ესკალატორი და ცუდი ტელესუფლიორი“, – იხუმრა ტრამპმა.
მოგვიანებით ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა, რომელმაც გამოძიება მოითხოვა.
„ვინმემ გაერო-ში თუ გამიზნულად გააჩერა ესკალატორი, როდესაც მასზე პრეზიდენტი და პირველი ლედი დადგნენ, ისინი სამსახურიდან უნდა გათავისუფლდნენ და მომხდარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული“, – დაწერა ლევიტმა სოციალურ ქსელში.