რუსეთი ვეფხვი არ არის, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება, „ქაღალდის დათვები“ არ არსებობენ და რუსეთი ნამდვილი დათვია, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინის გაჭიანურებული ომი რუსეთს „ქაღალდის ვეფხვად“ წარმოაჩენს.
დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ძალიან ფრთხილად მოძრაობს ომის ზონაში დანაკარგების მინიმიზაციის მიზნით, რაც ძალიან კარგად გააზრებული ქმედებებია.
კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ომი მიმდინარეობს და ახლა მისი ყველაზე მწვავე ეტაპია. პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი კვლავ მზადაა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, თუმცა შეხვედრის მომზადების გარეშე ეს „წარუმატებლობისთვის განწირული პიარაქცია“ იქნება.
კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, ტრამპი ბიზნესმენია და ის ცდილობს, მთელი მსოფლიო აიძულოს, ამერიკული ნავთობი და გაზი უფრო მაღალ ფასად შეიძინოს.