აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების დაგეგმილი შეტევის შესახებ, რომელიც აშშ-ის სადაზვერვო მხარდაჭერას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ნახევარი წლის წინ, ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთთან ომში „თქვენ არ გაქვთ უპირატესობა“. სამშაბათს, გაეროში, ტრამპმა შეაქო უკრაინის არმიის მოქმედება და გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო მოქმედებები“, – ნათქვამია სტატიაში.
„ტრამპის მხრიდან ეს მკვეთრი სიტყვიერი ცვლილება მოხდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ აღწევს, რუსეთის ეკონომიკაში შეინიშნება შენელება, ხოლო ზელენსკი ძალისხმევას იყენებს აშშ-ის პრეზიდენტის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად“, – აღნიშნულია სტატიაში.
ტრამპმა ბოლო დღეები გაატარა აშშ-ის იმ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც დიდი ხანია უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებას მოითხოვდნენ. მათ შორის იყვნენ კიტ კელოგი და მაიკ უოლცი.
წყაროების ინფორმაციით, მათ ტრამპს განახლებული ინფორმაცია მიაწოდეს ბრძოლის ველზე არსებული მიმდინარე მდგომარეობის შესახებ, აღნიშნეს რა, რომ რუსეთმა ბოლო წლებში მცირედ პროგრესსაც კი ვერ მიაღწია.
„ტრამპს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი უკრაინული შეტევის შესახებ, რომელიც აშშ-ის სადაზვერვო მხარდაჭერას მოითხოვს. ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ტრამპმა მხოლოდ რიტორიკული ცვლილება მოახდინა და არა პოლიტიკური. ის კვლავ უშვებს უკრაინისთვის იარაღის მიყიდვას, მაგრამ ზღუდავს ამერიკული წარმოების იარაღის გამოყენებას რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმისთვის“, – წერს სტატიის ავტორი.