უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა უნგრეთის პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
შანდორის სასახლეში გამართული საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში, საქართველოს ელჩსა და უნგრეთის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
პრეზიდენტმა ტამაშ შუიოკმა კვლავ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის.
უნგრეთის პრეზიდენტმა წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს.
შეხვედრის შემდეგ ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა პრეზიდენტის სასახლის სტუმართა წიგნში. ცერემონია დასრულდა გმირთა მოედანზე, სადაც საქართველოს ელჩმა გვირგვინით შეამკო უნგრელ გმირთა მემორიალი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.