საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ ბრალს არ აღიარებს და განაჩენს გაასაჩივრებს.
ფრანგული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან სასამართლოს დარბაზიდან გასვლისას მედიასთან განაცხადა. ნიკოლა სარკოზიმ დაგმო სასამართლო განაჩენი და მას უსამართლო უწოდა.
სარკოზის თქმით, ის ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებს თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
„სიძულვილს საზღვარი არ აქვს. მათ თუ სურთ, რომ ციხეში მეძინოს, დავიძინებ თავაწეული. მე უდანაშაულო ვარ. ეს უსამართლოა, ეს სკანდალია. არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რაც არ ჩამიდენია. რა თქმა უნდა, აპელაციას შევიტან. უდავოდ, მომიწევს, სააპელაციო სასამართლოს წინაშე ხელბორკილებით წარვდგე. ისინი, ვისაც ასე ძალიან ვძულვარ, ფიქრობენ, რომ მამცირებენ, მაგრამ საფრანგეთს ამცირებენ. ეს არის საფრანგეთის იმიჯი. ვინმემ თუ უღალატა ფრანგ ხალხს, ეს მე არ ვარ, ეს არის ის წარმოუდგენელი უსამართლობა, რომელიც თქვენ ახლა იხილეთ. შურისძიების სურვილი არ მაქვს, მე არ ვგრძნობ სიძულვილს, თუმცა ყველამ მკაფიოდ გააცნობიეროს და მოისმინოს – ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ ჩემი სრული უდანაშაულობის დასამტკიცებლად“, – განაცხადა სარკოზიმ.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი სერიოზულად აისახება მართლმსაჯულებისადმი ნდობაზე.
„იმას, რაც დღეს სისხლის სამართლის სასამართლოს დარბაზში მოხდა, სერიოზული მნიშვნელობა აქვს კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობისთვის. გამოძიების ათ წელზე მეტი, დახარჯული მილიონობით ევრო ლიბიური დაფინანსების აღმოსაჩენად, რაც სისხლის სამართლის სასამართლომ ვერ იპოვა ჩემს კამპანიაში. მე ამ ოთხი მუხლით მქონდა ბრალი წარდგენილი, რომელთაგან სამში გავმართლდი. დაფინანსება, კორუფცია არ აღმოჩენილა. დამნაშავედ მცნეს, თითქოს ჩემს ორ კოლეგას დავრთე ნება, მოეფიქრებინათ ჩემი კამპანიის უკანონო დაფინანსების იდეა. ამ წლების განმავლობაში არ მითქვამს უარი ჩემს პასუხისმგებლობებზე, უარი არ მითქვამს არც ერთ მოსმენაზე მოსვლაზე. მე დამაპატიმრეს, დამკითხეს. როგორც თავმჯდომარე მოსამართლემ თქვა, პირადი გამდიდრების, ჩემი კამპანიის უკანონოდ დაფინანსების არანაირი მტკიცებულება არ არის, მაგრამ სასამართლომ დაასკვნა, რომ ხუთი წელი ციხეში უნდა გავატარო. საფრანგეთის მოქალაქეებს ვთხოვ, განურჩევლად იმისა, მომცეს თუ არა ხმა, მხარს მიჭერენ თუ არა, შეაფასონ ის, რაც ახლა მოხდა“, – აღნიშნა სარკოზიმ.
ცნობისთვის, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ის დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში ლიბიის ლიდერის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს ოდენობის უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზის აქვს მცირე ვადა, ვიდრე პროკურატურა მის დაპატიმრებას მოითხოვს. ეს ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს. ამგვარად, გასაჩივრების შემთხვევაშიც კი, სარკოზის ციხეში წასვლა მოუწევს. ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე, გაამართლა.