ჯეიმს კომის ბრალი წაუყენეს ცრუ ჩვენების მიცემისა და მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მუხლებით.
გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა: „კანონზე მაღლა არავინ დგას. დღევანდელი ბრალდება ასახავს იუსტიციის დეპარტამენტის ვალდებულებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც ბოროტად იყენებს ძალაუფლების პოზიციას ამერიკელი ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის. ჩვენ ამ საქმეში ფაქტებს გავყვებით“.
კომი 2020 წელს სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე წარდგა, რათა პასუხი გაეცა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ FBI-ის გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებზე.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წლის ივლისში გამოქვეყნებული სენსაციური დოკუმენტის თანახმად, ობამას ადმინისტრაციამ 2016 წლის არჩევნებამდე და მის შემდეგ იცოდა, რომ რუსეთს მისი შედეგები კიბერთავდასხმებით არ შეუცვლია.
ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა გამოაქვეყნა ელექტრონული ფოსტის, მემორანდუმებისა და სხვა ჩანაწერების 100-ზე მეტი გვერდი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის, რასაც მან უწოდა ობამას ადმინისტრაციის ოფიციალური პირების შეთქმულება პრეზიდენტ ტრამპის 2016 წლის გამარჯვების ჩაშლის მიზნით.