აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის უფლებას არ მისცემს.
„მე ისრაელს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის უფლებას არ მივცემ. არა, ამას არ გავაკეთებ. ეს არ მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში.
ტრამპის თქმით, დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა.
„დიახ, მაგრამ მე ამას არ დავუშვებ. ვესაუბრე თუ არა მას? დიახ ვესაუბრე, მაგრამ მე არ ვაძლევ ისრაელს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის უფლებას. საკმარისია. ახლა დროა, შევჩერდეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ღაზაში ჯერ კიდევ დაკავებული მძევლების გათავისუფლება განიხილა და აღნიშნა, რომ ანკლავში სიტუაცია „ძალიან ცუდია“.
„დღეს ჩვენ ვესაუბრეთ ბიბი ნეთანიაჰუს და ახლო აღმოსავლეთის ყველა ლიდერს, რომლებიც შესანიშნავი ადამიანები არიან, ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევასთან და შესაძლოა, მშვიდობასთანაც კი“, – განაცხადა ტრამპმა.