მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება ეს უშუალო ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან, მოსახლეობასთან. გვექნება შეხვედრები, გავიზიარებთ მათ ინიციატივებს, რჩევებს, რადგან ჩვენი მთავარი უპირატესობა ჩვენს მოქალაქეებსა და ქალაქზე ზრუნვაა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევის რაიონში ვალერიან პაპუაშვილმა.
მისი თქმით, იგი სანზონაში გაიზარდა და შესაბამისად, კარგად იცნობს იმ უბანს, სადაც მაჟორიტარად არის წარდგენილი.
„კარგად ვიცი, რა გაკეთდა სანზონაში, რა არის გასაკეთებელი. ჩვენ თითოეულ უბანში, ეზოში ვართ მისული, ვხდებით მოსახლეობას და მათგან მოდის ინფორმაცია, ინიციატივა და მათთან ჩართულობით ვგეგმავთ შემდგომ 4 წელს“, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ მოწესრიგდა, გარკვეული გამოწვევები მაინც რჩება.
„დარჩენილია რამდენიმე ქუჩა, რომელზეც ათწლეულებია, ასფალტი ვერ მოეწყო, ვერ გაკეთდა შიდა კომუნიკაციები, რაც ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ჩვენ ხელი გვეშლება გამგეობისა და მერიის სამსახურებს – შევიდეთ, მოვაპირკეთოთ ის ქუჩები. გვიწევს ურთიერთობა ჯივიპი-თან. ვცდილობთ, მათთან ერთად დავიგეგმოთ. შემდეგ შევიდეთ აღნიშნულ ქუჩებზე და მოვაწესრიგოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა გურამიშვილის გამზირის რეაბილიტაციის პროცესზეც, რომელიც მერიის მიერ უკვე დაგეგმილია. მისივე თქმით, მოსახლეობა აღნიშნული გამზირის რეაბილიტაციას დიდი ინტერესით ელოდება.
„მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება ეს უშუალო ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან, მოსახლეობასთან. გვექნება შეხვედრები, გავიზიარებთ მათ ინიციატივებს, რჩევებს, რადგან ჩვენი მთავარი უპირატესობა ჩვენს მოქალაქეებსა და ქალაქზე ზრუნვაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.