ის უნდა ვაღიაროთ ალბათ, რომ გიორგი გახარია სხვებისგან განსხვავებით უფრო მოხერხებული ადამიანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
თეა წულუკიანმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რა იყო მისთვის ის მიზეზები, რის გამოც შესაძლოა, გიორგი გახარიას თავი აერიდებინა კომისიის სხდომაზე ფიზიკურად გამოცხადებისგან და ამ მიზეზით დაეტოვებინა ქვეყანა.
„მან ჩემი აზრით, ბევრად ადრე განჭვრიტა. მაგალითად, ყველაზე გვიან მაშინ განჭვრიტა, რომ რაღაც ფაქტები და რეალობა, რაც მას უნდოდა დაეხატა, ერთმანეთთან არ იყო ბოლომდე შესაბამისობაში და ყველაზე გვიან ალბათ, ამის შესახებ მან იფიქრა პირველად გამოცხადების შემდეგ კომისიის წინაშე. იმიტომ, რომ რეალურად, მან წარმოადგინა ის რეალობა, რომელიც მისი რეალობაა, მაგრამ ის ფაქტებს არის აცდენილი. ალბათ გახსოვთ, ის ამტკიცებდა კომისიის წინაშე საჯაროდ, რომ მის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის შესახებ, არ მოუტანია ქვეყნისთვის ტერიტორიების დაკარგვა და დამატებითი ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს იყო ტყუილი. ჩვენ როდესაც უკვე ჩორჩანის და მეზობელი სოფლებიდან ინფორმაცია დადასტურებული მოვიპოვეთ, ერთ-ერთი იქ მცხოვრები კომისიაზეც კი გამოცხადდა და თქვა, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებული არ იყო მანამდე და საგუშაგოს აღმართვის შემდეგ ოკუპაცია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, ამის შემდეგ სავარაუდოდ, გახარიასთვის მეტ-ნაკლებად ნათელი გახდა, რომ მისთვის შესაძლოა, მოეთხოვათ პასუხი. ალბათ, ამ პასუხისმგებლობას გაექცა და გაიქცა. მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მისი გაქცევის მიზეზი, თუმცა დანამდვილებით, რა თქმა უნდა, ამის მტკიცება ძნელია.. ფაქტი ერთია, რომ ის გაიქცა. შემდეგ ძალიან ბევრი იწვალა მან და მისმა გუნდმა, რომ მეორე სხდომაზე გამოცხადების თავისებურებებზე ვაჭრობა გაემართათ კომისიასთან, თუმცა ის ჩაერთო თავად და მეორე სხდომა კიდევ მეტად სავალალო იყო, ვიდრე პირველი. ეს საზოგადოებამაც იხილა და მე მგონი, შეფასებები აქ ერთგვაროვანია“, – განაცხადა წულუკიანმა.